ახალი ამბები

საქართველოს განათლების სისტემის განვითარების გრძელვადიანი ხედვა შეიმუშავეს

21 ნოემბერი, 2014 •
საქართველოს განათლების სისტემის განვითარების გრძელვადიანი ხედვა შეიმუშავეს

განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარების გრძელვადიანი ხედვა საქართველოს განათლების სამინისტრომ შეიმუშავა. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით კი განხორციელდა არსებული სისტემის სრული კვლევა და შემუშავდა რეკომენდაციები. კონკრეტული თემების საჯარო განხილვის შემდეგ დოკუმენტს, სამოქმედო გეგმის სახით, საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს. 

 

ანალიტიკური დოკუმენტი, რომლის შემუშავებაში მონაწილეობდნენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც განათლების მიმართულებით მუშაობენ და ჩართული არიან კვლევით საქმიანობაში, მოიცავს განათლებისა და მეცნიერების  ყველა დონეს – სკოლამდელ, ზოგად და უმაღლეს განათლებასა და მეცნიერების განვითარებას. ასევე, გათვალისწინებულია ისეთი ძირითადი პრინციპები, როგორიცაა ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლება და უწყვეტი განათლების პრინციპი.

 

ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დღეს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების წარმომადგენლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს კონფერენციაზე წარუდგინა. 

 

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ხანგრძლივი კვლევების შედეგად შექმნილი დოკუმენტი მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების გამოცდილებასთანაა შეჯერებული.

 

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არათანმიმდევრული რეფორმების გატარება და არასისტემური მიდგომა იყო ის მთავარი ფაქტორები, რომლებიც წლების განმავლობაში აფერხებდნენ საქართველოში განათლებია სექტორის განვითარებას. შედეგად კი, საქართველო წლების განმავლობაში ევროპაში ბოლო ადგილზე იყო განათლების დონის მიხედვით.

 

“საქართველომ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ევროპული კვალიფიკაციის სააგენტოსთან, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ხარისხის კონტროლი და შეფასების სისტემა მთლიანად იქნება ევროპაში არსებული სტანდარტების შესაბამისი. ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, იმას, რომ ჩამოყალიბდეს გამჭვირვალე, თანამედროვე მართვის სისტემა, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოში გაცემული დიპლომი და კვალიფიკაცია აღიარებული იქნება ევროპიულ საგანმანათლებლო სივრცეში,”– ამბობს პრემიერი.

 

ღარიბაშვილის განცხადებით, დოკუმენტში წინა პლანზე არის შრომის ბაზარზე ორიენტირებული უმაღლესი და დაწყებითი პრიფესიული განათლება. გარადა ამისა, პრემიერი ამბობს, რომ განსაკუთრებული ყურადღებს დაეთმობა სამოქალაქი განათლებასაც:


“წარმოდგენილი განათლების სტრატეგიის ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტი გახლავთ სამოქალაქო ცნობიერების განვითარებაც. სკოლებში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სამოქალაქო განათლებას, სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაცნობიერებას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მოსწავლეთა აქტიურ მონაწილეობას და მათ ჩართულობას, აგრეთვე, დემოკრატიის პრინციპების გაცნობიერებას.”


ანალიტიკურ დოკუმენტს, როგორც თამარ სანიკიძემ თქვა, უახლოეს დღეებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე განათავსებენ, რის შემდეგაც ის მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი