ნაგორნო-ყარაბაღის დე-ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი სამხედრო ლიდერის, სამველ ბაბაიანისთვის ცეცხლის გახსნის ბრალდებით სომხეთში ორი ადამიანი დააკავეს.
31 მაისს გავრცელებულ პრეს-რელიზში სომხეთის პოლიცია აცხადებს, რომ ეჭვმიტანილები არიან მოქალაქეები, ალექსეი ბალაიანი და როლანდ აიდინიანი.
პოლიციის თანახმად, ბაბაიანს 29 მაისს ესროლეს სომხეთის გეღარქუნიქის პროვინციაში, რკინიგზაზე.
ბაბაიანი ყარაბაღის ყოფილი (დე-ფაქტო) მინისტრი და ჯარის ყოფილი მეთაურია, — ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა ყარაბაღის კონფლიქტში.
ბაბაიანის ოფისმა განაცხადა, რომ სროლის უკან პოლიტიკური მოტივი იმალება. ამჟამად ბაბაიანი ყარაბაღის 2020 წლის დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.
აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი.
1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.