თურქეთში, ქოჯაელის პროვინციაში გამართულ ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე ადვოკატი იბრაჰიმ ქარსლი კაბით გამოცხადდა. ამ ფორმით მან სოლიდარობა გამოუცხადა კოლეგა ქალს, რომელიც რამდენიმე დღით ადრე მოსამართლემ კაბის სიგრძის გამო გააკრიტიკა. აღნიშნულს იურისტთა პროტესტი და მოსამართლის უფლებამოსილების დროებით შეჩერება მოჰყვა.
“პროტესტს ვუცხადებ მათ, ვინც ახდენს სამართლის დისკრედიტაციას და შეურაცხყოფს ქალებს”, – აღნიშნა იბრაჰიმ ქარსლიმ. კომენტარს თურქული მედია ავრცელებს.
ინციდენტი, რომელიც ადვოკატმა გააპროტესტა, სტამბოლში, 29 მაისს მოხდა. მოსამართლე მეჰმეთ იოილუმ, სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, ადვოკატი ქალი ჩაცმულობის გამო გააკრიტიკა და მისთვის სურათის გადაღება მოითხოვა, შესაბამის უწყებაში წარსადგენად. მოსამართლე აცხადებდა, რომ თუღჩე ჩეთინის კაბა მუხლს ზემოთ 15 სანტიმეტრზე ნაკლები იყო, რაც რეგულაციას ეწინააღმდეგებოდა.
მოსამართლის საქციელს იურისტებისაგან სწრაფი რეაქცია და პროტესტი მოჰყვა. ისინი ჯერ სასამართლოს წინ შეიკრიბნენ, შემდეგ კი დარბაზში შევიდნენ და თურქული მედიის თანახმად, მეჰმეთ იოილისაგან ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ.
“ქალები შენგან ბოდიშს ელიან”, – სკანდირებდნენ ისინი.
მოსამართლემ ოთახი მალევე დატოვა. მოგვიანებით, პროკურორთა და მოსამართლეთა საბჭომ განაცხადა, რომ მის ქმედებაზე მოკვლევა დაიწყო, ამ პერიოდში კი იოილუს უფლებამოსილება შეჩერებული იქნება. თურქული Hurriyet-ის თანახმად, მომხდარს ქვეყნის იუსტიციის მინისტრიც გამოეხმაურა და მოსამართლის საქციელი უკანონოდ შეაფასა. მისი თქმით, დაუშვებელია ვინმეს დისკრიმინაცია ჩაცმულობისა და ცხოვრების სტილის გამო.
როგორც გაზეთი Independent-ი წერს, მოსამართლის საქციელს ასეთივე მწვავე გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელშიც. შეიქმნა ჰაშთაგიც – #კაბისსიგრძე(თურქულად #etekboyu), რომლის ქვეშაც სოც. ქსელების მომხმარებლები მოსამართლე იოილუს აკრიტიკებენ.
“რა სირცხვილია! ქალის ფეხების ნაცვლად [სასამართლო] საქმეს შეხედეთ! ქვეყანას რელიგიურ ფანატიკოსებს არ შევატოვებთ!” – დაწერა ადვოკატმა ფეიზა ალთუნმა სოციალურ ქსელში.
თურქეთის უძველესმა გაზეთმა Cumhuriyet-მა კი მოსამართლის ქმედება ასეთი სათაურით შეაფასა:
“კაბა კი არა, ტვინია მოკლე”.