ახალი ამბები

“იქ ჯუღაშვილის ნაფეხურია” – წითელყელსახვევიანი მოსწავლეების ვიდეოს სამინისტრო იკვლევს

1 ივნისი, 2019 • 2460
“იქ ჯუღაშვილის ნაფეხურია” – წითელყელსახვევიანი მოსწავლეების ვიდეოს სამინისტრო იკვლევს

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც, სავარაუდოდ, გურიის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები წითელ ყელსახვევებსა და თეთრ პერანგებში გამოწყობილნი მღერიან. ბოლო დღეებში, მსგავსი შინაარსის ვიდეო უკვე მეორედ ვრცელდება. განათლების სამინისტროს ორივე შემთხვევაში მოკვლევა აქვს დაწყებული.

კადრებში, რომლებიც “ფეისბუქზე” გუშინ განთავსდა და გამავრცელების თქმით, გურიის ერთ-ერთ სკოლაშია გადაღებული, ისმის სიმღერა შემდეგი ტექსტით:

“ყვავის გურია შრომის გმირობით, შემოქმედებით,

მიყვარს გურია, განახლებული, ამღერებული, მისი გენებით”

“ყველა სოფელი ცას ეჭიდება, სულ საოცნებო არის გურია,

მაგრამ ხიდისთავს აქვს სხვა დიდება, იქ ჯუღაშვილის ნაფეხურია”.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ კადრების მოკვლევას აუდიტი უკვე აწარმოებს. პროცედურის ფარგლებში, გამოიკითხებიან მასწავლებლები, დირექტორი და სხვები.

“მოვუწოდებთ სკოლის ყველა დირექტორს და პედაგოგს, ყურადღებით მოეკიდონ მსგავს სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საკითხებს”, – აცხადებს სამინისტრო.

რამდენიმე დღის წინ მსგავსი შინაარსის კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა. გამოცემა “სამხრეთის კარიბჭე” იუწყებოდა, რომ კადრები, რომლებშიც პირველკლასელებს თეთრ პერანგებზე წითელი ყელსახვევები ჰქონდათ მოხვეული, ახალციხეშია გადაღებული. სამინისტრო აღნიშნულ ვიდეოსაც სწავლობს.

თეთრ პერანგებზე წითელი ყელსახვევები საბჭოთა ეპოქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლოა. სწორედ ასეთი უნიფორმები ეცვათ სსრკ-ში ბავშვთა კომუნისტური ორგანიზაციის წევრებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი