იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა სიაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძეც არის. ის აღნიშნულ თანამდებობაზე 2016 წელს აირჩიეს.
თავაძის კარიერული წინსვლა 2007 წელს დაიწყო, როცა ის გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსად დანიშნეს.
მოსამართლეობამდე, 2008-2010 წლებში ზაზა თავაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ზაზა თავაძე უზენაესმა სასამართლომ 2010 წელს გაამწესა. თავმჯდომარედ დანიშვნამდე ის გიორგი პაპუაშვილის მოადგილე იყო.
დანიშვნამდე, ზაზა თავაძე იმ ხუთ მოსამართლეთაგან ერთ-ერთი იყო, რომლებმაც 2016 წლის ივლისში საკონსტიტუციო სასამართლოს მაშინდელ თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს წერილით მიმართეს და გააპროტესტეს ზოგიერთი საქმის, მათ შორის, „რუსთავი 2“-ის საქმის „დაჩქარებული ტემპით“ განხილვა, მაშინ, როდესაც, მათი თქმით, უფრო ადრე შესულ საქმეებზე ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ იყო.
თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ ზაზა თავაძემ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმეებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მათთვის „ყველა საქმე ერთი და იგივეა“.
ზაზა თავაძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 10 წლის ვადით არის არჩეული.
http://batumelebi.netgazeti.ge/news/59511/?fbclid=IwAR1kzctI-LDwDK3i1tTORLCt83Q3UlB9oF2uwhmszOScdmN6KK8pFLAWVnM