ახალი ამბები

თურქეთში გამოძიება დაიწყო ელიფ შაფაქისა და სხვა მწერლების მიმართ – “გარდიანი”

1 ივნისი, 2019 •
თურქეთში გამოძიება დაიწყო ელიფ შაფაქისა და სხვა მწერლების მიმართ – “გარდიანი”

თურქეთში მწერლების, მათ შორის არაერთი ჯილდოს მფლობელი ელიფ შაფაქის მიმართ, გამოძიება მიმდინარეობს. ინფორმაციას “გარდიანი” ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, თურქეთის საგამოძიებო ორგანიზების ეს ქმედება სოციალურ ქსელებში დაწყებულ კამათს მოჰყვა. ამ დროს მომხმარებელთა ნაწილმა ზოგიერთი მწერალი იმ პრაქტიკების გამართლებაში დაადანაშაულა, რომელთა შესახებაც ისინი თავიანთ ნაწარმოებებში წერდნენ. მათ შორისაა ბავშვზე ძალადობა და სექსუალური ძალადობა.

დებატი მწერალ აბდულლაჰ შევქის წიგნის ერთ-ერთი გვერდის “ტვიტერზე” გამოქვეყნებით დაიწყო. გაზეთ “აჰვალის” მიხედვით, ამ ეპიზოდში აღწერილი იყო ბავშვზე ძალადობის სცენა პედოფილის თვალით. მოგვიანებით თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა მწერლის მიმართ გამოძიების დაწყების შესახებ. მწერალი და მისი გამომცემელი უკვე დააკავეს.

ამის შემდეგ, ზოგიერთმა მომხმარებელმა სხვა მწერლების ნაწარმოებების პასაჟების გამოქვეყნებაც დაიწყო და მსგავსი ბრალდებები წაუყენა მათ. მათ შორისაა ცნობილი მწერალი ელიფ შაფაქი, რომელიც აცხადებს, რომ ბოლო დღეების მანძილზე ათასობით შეურაცხმყოფელ შეტყობინებას იღებს. მისივე თქმით, პროკურატურამ მოითხოვა მისი რომანების, მათ შორის, 2016 წელს გამოცემული წიგნის “ევას სამი ქალიშვილი” შემოწმება.

ელიფ შაფაქი, რომლის კომენტარსაც ასევე “გარდიანი” ავრცელებს, აცხადებს, რომ იმის მაგივრად, თურქეთში სახელმწიფომ ბავშვებზე და ქალებზე მზარდი ძალადობის აღსაკვეთად რაიმე მოიმოქმედოს, ის მწერლებს დევნის.

“მათ სურთ ნებისმიერი რამის გამოძიება თურქული ლიტერატურიდან, რაც შეიცავს პასაჟს სექსუალური ძალადობის შესახებ ბავშვებზე. რა თქმა უნდა, ირონიაა, რომ ესაა ქვეყანა, სადაც გვაქვს მზარდი რიცხვი სექსუალური ძალადობისა ქალებისა და ბავშვების მიმართ. თურქეთის სასამართლოები არ მოქმედებენ, კანონი არ იცვლება. და ქვეყანაში, სადაც სექსუალური ძალადობის აღსაკვეთად სასწრაფო ქმედებაა საჭირო, ამის მაგივრად, მწერლებს დევნიან. ეს უდიდესი ტრაგედიაა. ეს ნადირობას დაემსგავსა”, – აცხადებს მწერალი.

მისი თქმით, უწყებები ზოგიერთ საკითხზე წერას მათ ავტომატურ გამართლებად მიიჩნევენ, რაც მიუღებელია.

“ისინი არ არჩევენ განსხვავებას. თუ მწერალი წერს საკითხებზე, როგორიცაა პედოფილია, სექსუალური ძალადობა, სექსუალური შევიწროება – ეს წინადადებები ამოგლეჯილია წიგნებიდან ისე, თითქოს შენ სექსუალურ ძალადობას იცავდე. ეს სრულიად საპირისპირო რამაა. მთელი ჩემი ცხოვრება ქალების, ბავშვების, უმცირესობების უფლებებისთვის ვიბრძოდი და ჩემთვის ეს ბრალდება უსაფუძვლოა. ეს ასევე ნიშნავს, რომ ამის შემდეგ, მწერლებს მსგავს საკითხებზე წერა აღარ შეეძლებათ”, – ამბობს ელიფ შაფაქი.

დაწყებულ გამოძიებას საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. ინგლისის მწერალთა ასოციაცია ამბობს, რომ ღრმად შეშფოთებულია ელის შაფაქის მიმართ საფრთხეების გამო.

“ის უნიჭიერესი მწერალია და არასდროს უნდა იყოს დანაშაული, რომანი დაწერო ან კომენტარი გააკეთო მსოფლიოზე, რომელშიც ვცხოვრობთ”, – აღნიშნავს ასოციაციის დირექტორი და აცხადებს, რომ თურქეთში გამოხატვის თავისუფლება მზარდი, სერიოზული საფრთხის წინაშე დგას.

ელიფ შაფაქი 2006 წელსაც გახდა გამოძიების ობიექტი. მაშინ ის “თურქობის შეურაცხყოფაში” დაადანაშაულეს მას შემდეგ, რაც მისი წიგნის პერსონაჟმა პირველი მსოფლიო ომის დროს თურქეთში სომხების ჟლეტა გენოციდად შეაფასა.

მასალების გადაბეჭდვის წესი