ახალი ამბები

უსამართლობას არ უნდა შევეგუოთ – დავით კირკიტაძე გათავისუფლების შემდეგ

31 მაისი, 2019 • 1393
უსამართლობას არ უნდა შევეგუოთ – დავით კირკიტაძე გათავისუფლების შემდეგ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა დავით კირკიტაძემ ციხიდან გამოსვლისას, დღეს, 31 მაისს, თქვა, რომ “უსამართლობას არ უნდა შევეგუოთ”.

„უსამართლობას არ უნდა შევეგუოთ, გნებავთ, ავტობუსი დაგიყენოთ წინ, გნებავთ, ეროვნული ბანკი და გნებავთ, ეკონომიკის სამინისტრო, უსამართლობას არ უნდა შევეგუოთ. რაც შეხება იმ კონკრეტულ ინციდენტს, რომელიც მოხდა 16 დეკემბერს. მთელმა საქართველომ იხილა, რაც მოხდა. ჩემი მოქმედება მიმართული იყო ერთადერთი მიზნისკენ , რომ გამეთავისუფლებინა გზა მომიტინგეებისთვის, მიმეცა საშუალება, თელავში ჩასულიყო ის ხალხი, რომელიც მიდიოდა ყველაზე უსამართლო არჩევნების გასაპროტესტებლად.

მიუხედავად იმისა, რომ შსს-მ  უკანონოდ აღკვეთა კონსტიტუციური უფლება, გადაადგილების უფლება, მიუხედავად ამისა, მაინც ადამიანურად ძალიან ვწუხდი, რომ დაპირისპირება მოხდა ჩემსა  და პოლიციელს შორის იმიტომ, რომ პოლიციელის პრესტიჟზე ჩვენ ძალიან ვზრუნავთ, განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც პოლიციას აყენებენ იმ მდგომარეობაში, რომ საზოგადოებასთან დაპირისპირებაში შევიდნენ და ბოლოს ეს არაერთხელ ვიხილეთ. ჩემი პირადად და ჩვენი პატივისცემა კიდევ ერთხელ მინდა დავუდასტურო რიგით პოლიციელებს და არა მათ უფროსებს, რომლებიც მათ ამ უხერხულ მდგომარეობაში აყენებენ,“ – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

სამართალდამცველებმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი 2018 წლის 16 დეკემბერს გურჯაანი-თელავის გზაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანების ბრალდებით სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს.

როგორც “ნეტგაზეთს” “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” განუცხადეს, კირკიტაძე საპროცესო გარიგების შედეგად გათავისუფლდა. მან დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალი აღიარა და მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი