ახალი ამბები

კახა ბექაური: “გასაღები” კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას არ ეხება

20 ნოემბერი, 2014 •
კახა ბექაური: “გასაღები” კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას არ ეხება

“არც არასდროს ყოფილა კანონით ეს ფუნქცია დაკისრებული კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაზე და არც დღევანდელ კანონმდებლობაშია ასე,”– განაცხადა კახა ბექაურმა “იმედის” ეთერში.

 

წინადადება “გასაღების” კომუკიკაციების მარეგულირებელი კომისიისთვის გადაცემის შესახებ ვახტანგ ხმალაძეს ეკუთვნის.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე ამბობს, რომ ამ პროცესში მარეგულირებელი კომისიის შემოყვანა მოწონს.

 

“ზოგადად ორგასაღებიანი სისტემა მომწონს, თუმცა მომწონს ვახტანგ ხმალაძის მარეგულირებელი კომისიის შემოყვანა პროცესში. ამიტომ მე ბატონ ვახტანგთან მქონდა საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით, ხომ არ გადაგვეხედა ზოგადად 2 გასაღების პრინციპზე და ზოგადად კიდევ ერთი სუბიექტი ხომ არ ჩართულიყო. არ ვიცი, ის რამდენად გაითვალისწინებს ამ საკითხს,”– განაცხადა ანი მიროტაძემ.

კახა ბექაური კი ამბობს, რომ უმჯობესი იქნება, ფარული მოსმენების გასაღები არა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, არამედ პარსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ჰქონდეს.

“ეს არ ეხება კომინიკაციების ეროვნულ კომისიას, ეს ეხება, თუ მაინცდამაინც სახელმწიფო სტრუქტურა უნდა იყოს ჩართული ამ გასაღების თემაში, ეს ეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს,“– განაცხადა მან.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, თამარ ქალდანმა კი გუშინ განაცხადა, რომ მის ინსპექტორის აპარატს საზედამხედველო ფუნქცია აქვს და ის პროცესის მონაწილე არ არის.

 

“ეს არ არის ასეთი მარტივი. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ჩვენი ფუნქცია არის საზედამხედველო ფუნქცია და იმისთვის, რომ მაკონტროლებელმა შეძლოს საზედამხედველო ფუნქციის განხორციელება, ის არ უნდა იყოს პროცესის მონაწილე. აქედან გამომდინარე არსებობს გარკვეული საფრთხეები, გარკვეული პლუსები და ყველა ეს თემა უნდა იქნეს განხილული”, – ამბობს ქალდანი.

 

გუშინ პარლამენტში დარეგისტრირდა ეკა ბესელიას, ირაკლი სესიაშვილისა და გედევან ფოფხაძის მიერ მომხადებული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, მოსმენებზე ერთ “გასაღებს” შსს, ხოლო მეორე გასაღებს – პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი უნდა ფლობდეს. რაც შეეხება ვახტანგ ხმალაძის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, ის ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, პარლამენტში დღის ბოლომდე დარეგისტრირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი