ახალი ამბები

არასრულწლოვანი პოლიციას წამებასა და გაუპატიურების მუქარაში ადანაშაულებს

16 მაისი, 2019 •
არასრულწლოვანი პოლიციას წამებასა და გაუპატიურების მუქარაში ადანაშაულებს

არასრულწლოვანი ბიჭი ბოლნისის პოლიციის თანამშრომლებს ცემასა და გაუპატიურების მუქარაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან 2020news-ის პრესკლუბში, ადვოკატებთან ერთად ისაუბრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით ორი პოლიციელია გათავისუფლებული, საქმეს კი  პროკურატურა წამების მუხლით იძიებს.

არასრულწლოვანი ბოლნისის პოლიციაში მიმდინარე წლის თებერვალში მიიყვანეს. მისი განცხადებით,  პოლიციის განყოფილებაში ის სცემეს და ემუქრებოდნენ, რომ არაღიარების შემთხვევაში, გააუპატიურებდნენ. მისი თქმით, ამ დროს პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მეორე ოთახიდან ბოთლი გამოიტანა.

არასრულწლოვანი ცემაში ბოლნისის რაიონული სამმართველოს უფროსს ადანაშაულებს.

“გამიყვანეს პოლიციაში. შემიყვანეს უკნიდან, როდესაც შემიყვანეს, იქ დამხვდა თორნიკე ონიანი[ბოლნისის პოლიციის უფროსი]. ის დაახლოებით, 10-15 წუთის განმავლობაში მცემდა. როდესაც ვერაფერი მათქმევინა და თან ეჩქარებოდა, უთხრა ბიჭებს, ახლა მიხედეთ და თქვენ ათქმევინეთ, რაც მე ვერ ვათქმევინეო.

შემდეგ როდესაც წავიდა, იქ დარჩა 7 კაცი, თუ კარგად მახსოვს. მათ გააგრძელეს შეურაცხყოფები, ფურთხება, გინება და მუქარა, რომ თუ არ იტყვი, ვინ იყო შენთან ერთად და ის დანარჩენი ოქრო სად იმალება, ბოთლზე დაგსვამთ.

როდესაც ეს მითხრეს, ერთ-ერთი ადამიანი, არ ვიცი, რა ერქვა, მეორე ოთახში გავიდა და გამოიტანა ბოთლი. ვანო ქევხიშვილი და ერთ-ერთი პირი, რომელიც იყო პოლიციელი, მოვიდნენ და მეჯიკავებოდნენ, რომ სკამიდან ავეყენებინე”, – განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.

არასრლუწლოვნის თქმით, ცემის შედეგად ხელი მოტყდა, თუმცა პოლიციელებს ამის არ სჯეროდათ და აგრძელებდნენ მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას. ამავე დროს, მისი განცხადებით, ვიდეოსაც უღებდნენ და ემუქრებოდნენ, რომ ინტერნეტში გაუვრცელებდნენ:

“შარვალს როდესაც მხდიდნენ, ამ ბოთლს მადებდნენ, თან, ვიდეოსაც იღებდნენ მაგ დროს. როდესაც წინააღმდეგობა გავუწიე, დამაგდეს, მცემეს, ვყვიროდი, ხელი მომტყდა, არავის სჯეროდა და უფრო მირტყამდნენ, გვატყუებსო. როდესაც მაიკა გამხადეს, როდესაც მოტეხილი ხელი დაინახეს, შეეშინდათ და გაიქცნენ”.

არასრულწლოვნის თქმით, ერთ-ერთმა პოლიციელმა, რომელიც განყოფილებაში დარჩა,  საავადმყოფოში გადაიყვანა, გზაში კი მოტეხილ ხელზე ურტყამდა.

“როდესაც [პოლიციელი] შევიდა საავადმყოფოში, მშობლების გარეშე არ მივიღებთო და ეს გამწარებული რომ ჩაჯდა მანქანაში, აი, რა დამმართეო, შენ გამო უნდა ვირბინოთ და ფული უნდა გადავყაროთო, მეუბნებოდა. რაც ახლა იმათ გითხრეს და ვერ გააკეთეს, ახლა მე რომ მიგიყვანო, გაგაუპატიურებთ და ვიდეოსაც გადავიღებთო”, – განაცხადა მან.

როგორც “ნეტგაზეთს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარიდან მალევე გაათავისუფლეს ორი პოლიციელი, საქმეზე კი პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს. პროკურატურის თანახმად, მომხდარს ჯგუფურად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული წამების მუხლით იძიებენ. უწყებამ ბიჭი დაზარალებულად უკვე ცნო.

“2019 წლის 10 აპრილს, პროკურორის შესაბამისი დადგენილების საფუძველზე, არასრულწლოვანი ცნობილი იქნა დაზარალებულად, მის მიმართ განხორციელებული წამების ფაქტის გამო. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, უკვე გამოიკითხა საქმეზე შემხებლობაში მყოფი არაერთი პირი, მიმდინარეობს ბოლნისის ცენტრალური კლინიკიდან მიღებული [არასრულწლოვნის] სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლა”, – აცხადებს პროკურატურა.

უწყება ასევე აღნიშნავს, რომ დაზარალებულის მშობლებმა ფაქტის შესახებ დანაშაულიდან თითქმის 1 თვისთავზე განაცხადეს, რის გამოც სხვადასხვა მტკიცებულების მოპოვება შეუძლებელი გახდა.

ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა, რომელიც პრესკონფერენციაზე დაზარალებულთან ერთად იმყოფებოდა, განაცხადა, რომ დღეს, 16 მაისს, 18:00-ზე მომხდარს “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გააპროტესტებენ. მისი თქმით, აქციაზე შინაგან საქმეთა მინისტრისა და გენერალური პროკურორის გადადგომას მოითხოვენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი