“ბიძინა ივანიშვილი არის ძალიან გავლენიანი ფიგურა პოლიტიკურ კოალიციაში, რომელსაც სახელად ქვია “ქართული ოცნება”, ის არის ამ კოალიციის დამფუძნებელი, ის არის ადამიანი, რომელმაც შეძლო იმ საშინელების დამარცხება, რომელსაც ერქვა “ნაციონალური მოძრაობა”. ვთვლიდი, ვთვლი და ყოველთვის ჩავთვლი, რომ ეს არის ადამიანი, რომელმაც ისტორიულად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 2011–12 წლებში საქართველოს პოლიტიკურად სწორად განვითარების საქმეში. რაც შეეხება ხელისუფლებას, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში, რომელსაც მე 2 წელზე ცოტა მეტია ვხელმძღვანელობ, არ ყოფილა ერთი შემთხვევაც კი, როდესაც ბიძინა ივანიშვილს ჩემთვის ან დავალება, ან ინსტრუქცია მოეცა. ჩემი ერთადერთი ხელმძღვანელი იყო ბიძინა ივანიშვილი მაშინ, როდესაც ის იყო პრემიერი. როდესაც იგი გადადგა, არ ყოფილა ერთი შემთხვევაც კი, როდესაც მას ჩემთვის, იუსტიციის მინისტრისთვის დავალება, მინიშნება, ან ინსტრუქცია მოეცა. მე მყავს ერთადერთი დე ფაქტო და დე იურე ხელძღვანელი ირაკლი ღარიბაშვილი და ამ წესს, ჩემს პირად მაგალითზე გეუბნებით, იცავდა და იცავს ბიძინა ივანიშვილი. ის, რომ ის კოალიციაში არის გავლენიანი და რჩება პოლიტიკურად მნიშვნელოვან ფიგურად, ვთვლი, რომ ეს არის ბუნებრივი, ის არის იმ კოალიციის დამფუძნებელი, რომელიც მართავს სახელმწიფოს”,– განაცხადა თეა წულუკიანმა “რადიო თავისუფლებასთან” საუბრისას.
საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი 4 ნოემბერს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის გამართულ შეხვდრას ესწრებოდა, რომლის დასრულების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა ირაკლი ალასანია თანამდებობოიდან დაითხოვა. იგი ასევე ესწრებოდა უკვე 5 ნოემბერს გამართულ “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომას, რის გამოც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ სხდომა დატოვა. მისი განცხადებით, იგი ბიძინა ივანიშვილთან სასაუბროდ არ მისულა, თუმცა ამ განცხადებიდან მეორე დღეს ალასანიასა და ივანშვილს შორის შეხვედრა შედგა.