მისივე თქმით, სკულპტურასთან განთავსებული იქნება სკამებიც, სადაც მსურველებს ყურსასმენებით ირაკლი ჩარკვიანის მუსიკისა და ლექსების მოსმენის შესაძლებლობა ექნებათ.
“იქნება mp3 პლეიერები, რომელზეც ნებისმიერ ადამიანს შეეძლება თავისი ყურსასმენის შეერთება და მოსმენა მუსიკის ან ტექსტების,”– თქვა სკულპტურის ერთ–ერთმა ავტორმა, არტისტმა როკო ირემაშვილმა “რუსთავი 2″–ის ეთერში.
არტისტ ვალო იმერლიშვილის თქმით, სკულპტურა უჟანგავი ფოლადისგან იქნება დამზადებული.

“ეს იქნება უჟანგავი ფოლადი, ასევე, შიდა მხარე იქნება შეკრული სქელი ჩვეულებრივი მეტალით. ეს უჟანგავი ფოლადის ფურცლები, რაზეც იქნება ეს ფოტოს მეშვეობით დამზადებული რელიეფები, ეს იქნება მიმაგრებული გარედან,”– თქვა ვალო იმერლიშვილმა.
მისივე თქმით, სკულპტურა დაახლოებით 3 მეტრი სიგანის და 2 მეტრი სიმაღლის იქნება.
როგორც “ნეტგაზეთს” მთაწმინდის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, სკულპტურისთვის ადგილი გამგეობამ გამოყო, თუმცა დაფინანსების საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის და ხარჯები დაიფარება მერიის ან მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან. გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, ამ საკითხზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და დაახლოებით 10 დღის ვადაში უნდა გადაწყდეს.
რაც შეეხება სკულპტურის დადგმის თარიღს, მთაწმინდის გამგეობის ცნობით, დაზუსტებით მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც დამფინანსებელი მხარის ვინაობა გაირკვევა.
19 ნოემბერს ირაკლი ჩარკვიანს 53 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით, დღეს, 17:00 საათზე, კინოთეატრ “ამირანში” მის წიგნზე შექმნილი ფილმის კინოჩვენება გაიმართება.
“დღეს იუბილესთან დაკავშირებით კინოთეატრ “ამირანში” 5 საათზე იქნება ფილმის ჩვენება. როგორც იცით, BBC-ს პროექტი იყო “ჩემი წიგნი“, სადაც მსოფლიო ლიტერატურის არაერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას და ასევე იყო 4 ქართველი. 60 წიგნი აირჩა, შემდეგ უკვე 15–ზე გაკეთდა ეკრანიზაცია და სწორედ “მშვიდი ცურვის” ეკრანიზაციის კინოჩვენება შედგება,”– თქვა ქეთათო ჩარკვიანმა.
ირაკლი ჩარკვიანი 2006 წლის 24 თებერვალს გარდაიცვალა.