დღეს, 30 მაისს, პარლამენტში დეპუტატებს, მიხეილ ყაველაშვილს, მუხრან ვახტანგაძესა და ლევან გოგიჩაიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ინციდენტის კადრები პირველმა არხმა გაავრცელა.
კადრებში ჩანს, რომ დეპუტატები ჯერ კამათობენ, ხოლო შემდეგ მუხრან ვახტანგაძე და ლევან გოგიჩაიშვილი ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ, რა დროსაც ორივე მათგანს მანდატურის სამსახურის თანამშრომლები და კოლეგები აკავებენ.
სიტუაციის განსამუხტად დეპუტატები მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს, რის შემდეგაც ხმაური დეპუტატების ოთახში გაგრძელდა. დაპირისპირების მიზეზებზე დეპუტატები არ საუბრობენ.
მუხრან ვახტანგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს იყო მეგობრული საუბარი, რომელიც მედიის გასარჩევი არ არის.
ლევან გოგიჩაიშვილმა კი ნეტგაზეთს უთხრა, რომ სერიოზული არაფერი მომხდარა.
ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა 2019 წლის თებერვლის ბოლოს დატოვა, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მისი და კიდევ 8 დეპუტატის მიერ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით წარდგენილი კანონპროექტი ჩააგდო.