ფოთის პორტი. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

ბრძანების გაუქმების შესახებ დოკუმენტი ჯერ არ მიგვიღია – ფოთის პორტი

“ეიპიემ ტერმინალს ფოთი” აცხადებს, რომ ნებართვის გაუქმებაზე ოფიციალური დოკუმენტი ამ დრომდე არ მიუღიათ.

„ეიპიემ ტერმინალს ფოთს არ მიუღია ოფიციალური დოკუმენტი 2019 წლის 2 მაისის ბრძანების გაუქმების შესახებ და, შესაბამისად, ჯერჯერობით ვერ გააკეთებს კომენტარს მასმედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე“, – ამბობენ კომპანიაში.

გუშინ, 29 მაისს, “ეიპიემ ტერმინალს ფოთმა” ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის მიღების შესახებ განაცხადა.

“ფოთის საზღვაო ნავსადგური აფასებს ახლახან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემით გამოხატულ მხარდაჭერას, რაც ფოთის პორტის გავლით ლოგისტიკური ჯაჭვის გაძლიერებას და ქალაქის განვითარებას შეუწყობს ხელს”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც კომპანიამ გაავრცელა.

დღეს, 30 მაისს ცნობილი გახდა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სს “კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის” შვილობილი კომპანიისთვის – “ეიპიემ ტერმინალს-ფოთი” – მიცემული ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა გააუქმა.

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, კომპანიაზე გაცემული დოკუმენტი სამშენებლო ნებართვა არ იყო და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-მა ნებართვა ისე გასცა, რომ ის მთავრობასთან შეთანხმებული არ ყოფილა. ამის გამო  თურნავამ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი გრიგოლ კაკაურიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.

“დოკუმენტი, რომელიც გაიცა, არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას – ეს არის ე.წ. მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტი, რომელიც გაიცა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით ისე, რომ ეს საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული არცერთ მოქმედ მთავრობის წევრთან და არც პირადად ჩემთან. გარდა ამისა, როგორც გაირკვა, იქ არის პროცედურული დარღვევებიც, რითიც არის გაცემული ეს დოკუმენტი. აქედან გამომდინარე, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაუქმდა ეს დოკუმენტი, ხოლო სააგენტოს ხელმძღვანელი გადაყენებულია დაკავებული თანამდებობიდან“, – აცხადებს ნათია თურნავა.

“ეიპიემ ტერმინალს ფოთმა” ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის 2 მაისს მიღების შესახებ, 29 მაისს განაცხადა. აღნიშნულს დაუყონებლივ მოჰყვა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მწვავე განცხადება. სწორედ ეს კონსორციუმი აშენებს ფოთის სიახლოვეს, ანაკლიაში, საქართველოში პირველ ღრმაწყლოვან პორტს. ანაკლიის პორტის მშენებელმა კონსორციუმმა “შოკისმომგვრელად” შეაფასა ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე გამოცემული ბრძანება და დასძინა, რომ თუ აღნიშნულს არ მოჰყვებოდა “რადიკალური რეაგირება”,  საფრთხე შეექმნებოდა ანაკლიის პორტის მშენებლობას.

სწორედ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” მწვავე განცხადების შემდეგ გააუქმა ეკონომიკის სამინისტრომ 2 მაისის ბრძანება და გადააყენა გრიგოლ კაკაურიძე.

“თუ ამ ფაქტს მთავრობის რეაქცია არ მოჰყვება, ანაკლიის პროექტი შეჩერდება” – კონსორციუმის საგანგებო განცხადება

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.