“ფინანსური ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც საქართველოს რეგიონული განვითარების სტრატეგიის განსახორციელებლად 30 მილიონი ევრო გამოიყოფა, ევროკავშირის მიერ საქართველოს ევროინტეგრაციაში შეტანილი წვლილის კიდევ ერთი გამოხატულებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირთან თანამშრომლობა ისეთ პრიორიტეტულ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, განათლება და სხვა“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა ასოცირების საბჭოს პირველი სხდომის მნიშვნელობას, რომელმაც საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგი კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანა.

 

პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მსოფლიოში უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში ევროკავშირის პარტნიორობა ეამაყება.

ევროკომისარმა პრემიერ-მინისტრს შეთანხმების ხელმოწერა და ქვეყნის მიღწევები მიულოცა, ისაუბრა ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზის წარმატებით განხორციელებაზე და ირაკლი ღარიბაშვილს წარმატებები უსურვა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა იოჰანეს ჰანთან ევროკომისიაში გაიმართა. შეხვედრის ერთ-ერთი ძირითადი თემა აღმოსავლეთ სამეზობლოში ევროკავშირის როლის გაძლიერება იყო.

პრემიერმა ევროკომისარს ევროპული და ევროატლანტიკური კურსისადმი ერთგულება  დაუდასტურა და იოჰანეს ჰანი საქართველოში მიიწვია.

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *