მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ყველაზე ოპტიმალური მოდელია, რომელიც ორ სიკეთეს იცავს: ადამიანის უფლებებს და უსაფრთხოების სისტემას:
“ჩვენ მაქსიმალურად ვითვალისწინებთ იმ საფრთხეებს, რომელშიც ქვეყანა იმყოფება. ამიტომ, ამ ორი გასაღების მოდელი და მათ შორის დაცვის გარანტიები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ექსპერიმენტებს ვერ ჩავატარებთ საქართველოში, ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია, კერძო პროვაიდერების უკან კერძო სახელმწიფოები დგანან. უნდა გავითვალისწინოთ ეს საფრთხეები. ფარული საგამოძიებო მოქმედებები უნდა განხორციელდეს ისე, რომ დაცული იყოს ნებისმიერი მოქალაქის უფლება, ამიტომ ინსპექტორის გაძლიერება ეს არის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება და მეორე მხრივ, უსაფრთოება”, – განაცხადა ბესელიამ.
დეპუტატის თქმით, იგი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ფარგლებში შექმნილ სამუშაო ჯგუფს, რომელშიც “ეს შენ გეხებას” წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც არიან ჩართული, ზემოხსენებულ ინიციატივას ხვალ გააცნობს. პრეზიდენტის ვეტოს მიხედვით, პარლამენტმა 1 დეკემბრამდე უნდა გადაწყვიტოს ე.წ. გასაღების საკითხი, ანუ განსაზღვროს უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოთა მიერ ინფორმაციის რეალურ დროში მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის მეშვეობით განხორციელებული კომუნიკაციის შესახებ ინფორმაციის მოპოვების წესი, რომელიც უზრუნველყოფს ფარული მიყურადებისას და ჩაწერისას, ინფორმაციის მოხსნისას და ფიქსაციისას სუბიექტთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების პროგრამულად, ავტომატურ რეჟიმში აღრიცხვას და აღრიცხული მონაცემების დაცვას, აგრეთვე, აღნიშნული ინფორმაციის მოპოვების ეფექტიანი კონტროლის მექანიზმი.
ის მოდელი, რომელიც ბესელიამ დაასახელა, წინააღმდეგობაში მოდის იმ სქემასთან, რომელსაც არასამთავრობოები ლობირებენ: “ორ გასაღებს”, რომელთაგან ერთი სასამართლოს, ხოლო მეორე პროვაიდერი კომპანიებს უნდა ჰქონდეთ. შსს-ს ე.წ. გასაღები დღევანდელი მდგომარეობითაც აქვს. ბესელიას, სესიაშვილის და ფოფხაძის შემოთავაზებით, მას ამ პროცესში პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორიც უნდა დაემატოს, რომელსაც 2015 წლიდან 28 თანამშრომელი ეყოლება.
