“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერის, სანდრო ბარამიძის თქმით, “თავისუფალი დემოკრატებისა” და “ევროპული საქართველოს” კანდიდატის, შალვა შავგულიძის საარჩევნო ბანერებს მერია უკანონოდ ხსნის. ნეტგაზეთთან საუბარში ბარამიძე განმარტავს, რომ კანონი წინასაარჩევნოდ ბანერების გამოფენას არ კრძალავს.
მერიაში ამბობენ, რომ ბანერების გამოფენა “უნებართვო იყო და მუნიციპალურმა ინსპექციამ თავისი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედა”.
სანდრო ბარამიძე გვიყვება, რომ გასულ კვირას შალვა შავგულიძის ბანერები თბილისის 4 ქუჩაზე – მელიქიშვილზე, ბარნოვისა და შანიძის კვეთაში, ასათიანზე და ჭონქაძეზე გამოჰკიდეს, თუმცა რამდენიმე კვირის წინ მერიამ თვითნებურად და უკანონოდ ჩამოხსნა.
“სააგიტაციო მასალების გამოფენის წესს ორგანული კანონი, საარჩევნო კოდექსი არეგულირებს. ასევე, ამ საარჩევნო კოდექსის საფუძველზე თვითმმართველობის მიერ გამოცემული გარკვეული ნორმატიული აქტი, რომელიც მიუთითებს, თუ სად შეიძლება სააგიტაციო მასალების გამოფენა. თბილისში ამგვარი ნორმატიული აქტი გამოცემულია და იქ არის მითითებული ქუჩები, სადაც შეიძლება საარჩევნო პლაკატების გამოფენა. მათ შორის ეს ქუჩები, მაგამ აქ საქმე ის არის, რომ ეს აქტები ეხება მხოლოდ პლაკატებს – ქაღალდზე დაბეჭდილ ფოტოებს.
რაც შეეხება ბანერებს ანუ ფართო ზომის სააგიტაციო მასალას, რომელიც გამოიფინება ქუჩის გადაკვეთაზე, ვთქვათ, ხიდან ხეზე – აკრძალვა ასეთი ბანერების გამოფენაზე არ არსებობს. რომც არსებობდეს, ის გაწერილი უნდა იყოს საარჩევნო კოდექსში, ეს კი ასე არ არის. ამასთანავე, არც რაიმე ნებართვაზეა საუბარი საარჩევნო კოდექსში. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნდა, რომ სრულიად კანონიერი იყო ჩვენ მიერ ბანერების გამოფენა”, – განმარტავს სანდრო ბარამიძე.
მისი თქმით, ამ და მიმდებარე ქუჩებზე, მათ შორის, რუსთაველის გამზირზე, დიდი ხნის განმავლობაში იყო გამოფენილი სხვა საარჩევნო სუბიექტებისა თუ პოლიტიკოსების ბანერები, მათ შორის -“პატრიოტთა ალიანსის”, ასევე, ალეკო ელისაშვილის მოძრაობის კანდიდატის, ლევან იოსელიანის.
აღსანიშნავია, რომ მერიას ბანერების უსამართლოდ ჩამოხსნის მცდელობაში პირველი ტურის წინ ლევან იოსელიანიც ადანაშაულებდა.
“ჩამოხსნეს მაინცდამაინც ჩვენი… ვფიქრობთ, რომ ეს არის დისკრმინიაცია, რადგან ერთგვაროვან სიტუაციაში შერჩევით ვიღაცას აძლევენ ამის უფლებას, ვიღაცას – არა. ამას ჰქვია დისკრიმინაცია კანონის ენაზე”, – ამბობს ბარამიძე.
რაც შეეხება მერიის პასუხს, ბარამიძე ამბობს, რომ უწყებამ პარტიას ნებართვა მოსთხოვა, თუმცა ამგვარი ნებართვის არსებობა კანონით გათვალისწინებული არ არის.
“მაგრამ ჩვენ მაინც შევიტანეთ ნებართვის მოთხოვნით მერიაში განცხადება. ეს იყო 27 მაისს და 2 დღის შემდეგ მოგვივიდა პასუხი, რომ 4 ივნისს განიხილება ეს საკითხი. ჩვენ დაჩქარებული წესით მოვითხოვეთ საკითხის განხილვა, თუმცა ამ წესს არ ექვემდებარებაო და ეს უნდა განვიხილოთ ჩვენ კულტურული მემკვიდრეობის საბჭოსთან ერთობლიობაში, თუმცა გაურკვეველია, რა საჭიროა ეს საბჭო”, – აცხადებს ბარამიძე.
მთაწმინდაზე არჩევნების მეორე ტური შავგულიძესა და ლადო კახაძეს შორის 9 ივნისს იმართება.
მისივე თქმით, ბანერები კულტურული მემკვიდრეობის არცერთ ძეგლს არ ეხება და მერია ამ ბიუროკრატიული მეთოდებით დროის გაწელვასა და პარტიისთვის წინასაარჩევნოდ გარკვეული ზიანის მიყენებას ცდილობს.
ბარამიძე ასევე ამბობს, რომ მიუხედავად მერიის აკრძალვისა, მთაწმინდის მცხოვრებლებმა თავისი ნებით აივნებიდან გამოფინეს შავგულიძის ბანერები.
ნეტგაზეთმა მიმართა მერიას, სადაც გვითხრეს, რომ ბანერები საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლს არღვევს, რომლის მიხედვით:
“სააგიტაციო მასალა შეიძლება გამოიფინოს შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული ბანერების განთავსებაზე არ გააჩნდათ შესაბამისი თანხმობა, ანუ განთავსებული იყო ისეთ ადგილზე, რომელიც საამისოდ არ იყო გამოყოფილი”,- ამბობენ მერიში.