ევროპული საქართველოს დეპუტატის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, მთავრობის და მისი თითოეული წევრის ქცევა აღმაშფოთებელია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაა.
როგორც ევროპული საქართველოს წევრი ამბობს, ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ნებართვის გაცემა და შემდეგ გაუქმება საქართველოს საერთაშორისო იმიჯს აზიანებს.
თამაში ხომ არ არის, გასცე ნებართვა, მერე საზოგადოება რომ აღშფოთდება, წაართვა და ამ დროს მთელ საერთაშორისო საზოგადოებას აჩვენო, რომ საქართველოს მთავრობამ და საქართველომ არ იცის საერთოდ, რა უნდა და რა არის მისთვის პრიორიტეტი. ისინი ჯერ რაღაცას აკეთებენ და მერე ფიქრობენ, რა მოჰყვება ამას შედეგად. შედეგად, საბოლოო ჯამში, ამით არანაკლებ ზიანდება ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ის, რომ თურნავამ ახლა გააუქმა ფოთის არსებულ პორტზე გაცემული ნებართვა, ეს არანაირად არ არბილებს მდგომარეობას, პირიქით – კიდევ უფრო აუარესებს და მთელ მსოფლიოში ყველას ეუბნება, რომ ამ ხალხმა ქვეყნის მართვა არ იცის”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
დღეს, 30 მაისს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ „სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ – „ეიპიემ ტერმინალსის“ შვილობილი კომპანიისთვის მიცემული ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა გააუქმა. ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას თქმით, კომპანიაზე გაცემული დოკუმენტი სამშენებლო ნებართვა არ იყო და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-მა ნებართვა ისე გასცა, რომ ის მთავრობასთან შეთანხმებული არ ყოფილა.
ნათია თურნავას განცხადებით, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი გრიგოლ კაკაურიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. მინისტრის თქმით, კაკაურიძემ სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის შვილობილ კომპანიას ისე მისცა ღრმაწყლოვანი პორტის მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტი, რომ ეს გადაწყვეტილება მასთან ან მთავრობის სხვა წევრებთან შეთანხმებული არ ყოფილა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადებით, ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 2 მაისს მთავრობამ ფოთში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აშენების ნებართვა გასცა, კონსორციუმსა და მის პარტნიორებს “დაუმალა”. როგორც კონსორციუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, “თუ მთავრობის მხრიდან ამ ფაქტს არ მოჰყვა მყისიერი და რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერდება”.