ახალი ამბებისაზოგადოება

მარტოხელა დედა, რომელიც ქუჩაში მხოლოდ ნიღბით გამოდის

25 ივლისი, 2019 • 5989
მარტოხელა დედა, რომელიც ქუჩაში მხოლოდ ნიღბით გამოდის

34 წლის მარი [სახელი შეცვლილია] დედათა და ბავშვთა თავშესაფარში ცხოვრობს შვილთან ერთად. იგი აქ ფეხმძიმობის ბოლო თვეებში მივიდა, რადგან არ იცოდა, სად წასულიყო. მარი მეგობარმა კაცმა მიატოვა, როცა გაიგო, რომ ფეხმძიმედ იყო. მარიმ მშობლებთან ვერ გაამხილა, რომ ბავშვს ქორწინების გარეშე აჩენდა, ამიტომ ოჯახს უთხრა, რომ გათხოვდა და საზღვარგარეთ წავიდა ქმართან ერთად საცხოვრებლად. ახლა მარი თავშესაფრიდან მხოლოდ ნიღბით გადის, რომ არავინ იცნოს.

_____________________

მარი: ოთხი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს, ძალიან მიყვარდა და მასაც ვუყვარდი, მაგრამ როდესაც გაიგო, რომ ფეხმძიმედ ვიყავი, მოითხოვა ბავშვი მომეშორებინა. დალიე წამალი და ბავშვი მოიშორეო – მეუბნებოდა.

ენით აღუწერელი ბედნიერება იყო ჩემთვის, როცა გავაცნობიერე, რომ დედა უნდა გავმხდარიყავი. ერთი წამითაც არ მიფიქრია, რომ ბავშვს მოვიშორებდი.

მიმატოვა. აღმოჩნდა, რომ სულ მარტო დავრჩი, ვერავის ვერ ვეუბნებოდი ჩემს გასაჭირს, იმიტომ, რომ ვერ გამიგებდნენ, ვერც მშობლები, ვერც ოჯახის წევრები…

სასოწარკვეთილი ვიყავი, ზეწოლა იყო მისი [ბავშვის მამის] ოჯახიდანაც. მისი დედა მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ თუ აბორტს არ გავიკეთებდი, ჩემს ოჯახში მივიდოდა და საშინელებებს იტყოდა. მითხრა, 20 წელი რომ გავიდეს და შენ და შენი შვილი მოხვიდეთ ჩემთან, კარები რომ გავაღო და თქვენ დამხვდეთ, გეტყვით ჯოჯოხეთში წასულხართო. ძალიან ცუდი სიტყვები მითხრეს, გამეორებაც კი არ შემიძლია.

ძალიან ცუდი პერიოდი გამოვიარე ფეხმძიმობის შვიდ თვემდე, მეგობრები მეხმარებოდნენ მხოლოდ. ბოლო თვეებში სამსახურს თავი დავანებე, არ ვიცოდი, სად უნდა მემშობიარა, სად უნდა გაზრდილიყო ჩემი შვილი. ვფიქრობდი მონასტერში წასვლაზე და ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინე ეს თავშესაფარი, სადაც ახლა ვიმყოფები. რომ არა ეს ადგილი, არ ვიცი რა ბედი მეწეოდა.

უკვე ორი წელია აქ ვცხოვრობ, სხვა მარტოხელა დედებთან ერთად.

ჩემმა მშობლებმა იციან, თითქოს გავთხოვდი და ცოლად გავყევი იმ ადამიანს. სხვა გზა არ მქონდა, დედაჩემი და მამაჩემი ხანდაზმულები არიან, დედას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, ელემენტარულ ნერვიულობაზეც ცუდად ხდება, მამას სამი ინფარქტი აქვს გადატანილი, ამიტომაც ვერ ვამბობ მათთან.

ჩემს ძმას უთხრეს ჩემმა მეგობრებმა, დიდი შოკი იყო მისთვის, მაგრამ გვერდით დამიდგა. ყველაზე დიდი პრობლემა ის იყო, რომ სახლში ვერ მივიდოდი, მშობლების ჯანმრთელობაზე ვღელავდით. ამაშიც დამეხმარა ჩემი ძმა, თქვა, ვერც მე ვპატიობ ჩემ დას, რომ იმას გაჰყვა, ვინ მე არ მომწონდა, არ ვურიგდებიო.

მშობლებთან თავიდან ვამბობდი, რომ თითქოს არც ჩემს „ქმარს“ არ პატიობდა ოჯახი, მათთან შეთანხმების გარეშე რომ დაქორწინდა ჩემზე და ვითომ ცალკე ვცხოვრობდით, მაგრამ ამასაც განიცდიდა დედა და ვუთხარი, რომ შეგვირიგდა „ქმრის“ოჯახი. მალე კიდევ ახალი პრობლემა გაჩნდა, ტრადიციები ისე მოითხოვს, რომ მიაკითხოს მშობელმა გოგოს – ეს ფაქტორი რომ არ ყოფილიყო, მშობლებს ვუთხარი, რომ თითქოს უცხოეთში წავედით და იქ ვცხოვრობთ. 

ახლა დედაჩემის და მამაჩემი  ფიქრობენ, რომ ძალიან კარგად ვარ. „ერთადერთი შენი დარდი არ მაქვს, იმიტომ, რომ ვიცი კარგად ხარო“, – მეუბნება დედაჩემი.

დედას ხშირად ვურეკავ, ვეუბნები, რომ როუმინგი მაქვს ჩართული, მაგრამ ქალაქში ვერ გავდივარ. როცა მესაჭიროება ბავშვისთვის წამალი თუ მსგავსი რამ, პირბადით დავდივარ ქუჩაში, რომ არ დამინახოს რომელიმე ნათესავმა ან ახლობელმა და არ მივიდეს ეს ამბავი დედაჩემის ან მამაჩემის ყურამდე. რა თქმა უნდა, რთულია ეს ყველაფერი.  

ორი კვირის წინ ბავშვი გამიხდა ცუდად. სასწრაფო გამოვიძახე, გავედი და ისე მოხდა, რომ ჩემს სადარბაზოს ჩავუარე. ისე მომინდა, რომ გადავსულიყავი, დედაჩემთან და მამაჩემთან მივსულიყავი და ჩავხუტებოდი. ძალიან მომინდა, მაგრამ… არ შემიძლია.

სიმართლე გითხრათ, ძალიან დავიღალე ამდენი ტყუილით. ვატყუებ იმ ადამიანებს, რომლებიც მე ძალიან მიყვარს, მაგრამ ახლა სხვა არაფერი შემიძლია.

ბავშვი ჩემს გვარზეა. ბავშვის მამის დამ მითხრა, შენი შვილი გაიზრდება გვარის გარეშე და დაუძახებენ იმასო… ძალიან ცუდი სიტყვა მითხრა. დედამისმაც ეს მითხრა, ჩვენ არ მივცემთ გვარს შენ შვილს და თვითონაც მიხვდები, რას დაუძახებენ შენ შვილსო. ვუთხარი, რომ არ მჭირდებოდა მათი გვარი. არ მიმაჩნია, რომ სამარცხვინოა, როცა ბავშვი დედის გვარზეა.

შეურაცხყოფის და სტრესების მიუხედავად მე არ მინდა ჩემი შვილი მათზე ბოღმით გავზარდო. შვილი ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა. ერთი წუთითაც არ ვნანობ იმას, რაც მოხდა.

საზოგადოების დამოკიდებულებას რაც შეეხება, თუ იტყვი, რომ თავშესაფარში ცხოვრობ, ცოტა „სხვანაირად“ გიყურებენ. არ კითხულობენ შენს ისტორიას, საიდან მოხვდი თავშესაფარში, შენს ცხოვრებაში რა მოხდა… ისე განსჯიან შენს საქციელს, თითქოს ცუდი ყოფაქცევის ადამიანი იყო. ამ დამოკიდებულებას ხშირად ვგრძნობ, თუმცა მე არ მრცხვენია მარტოხელა დედობის. 

მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ბრძოლისუნარიანი ვარ, მინდა ჩემი შვილი ბედნიერი იყოს და როცა გაიზრდება, არ თქვას – მამა რომ მყოლოდა უკეთესად ვიცხოვრებდიო.

არ ვიცი რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ასე.  ვფიქრობ, რა გზას დავადგე. მინდა, ჩემი ბინა მქონდეს, მერე ვეტყვი მშობლებს, რომ ქმარს დავშორდი, უბრალოდ, ამ მომენტისათვის ვერ ვამბობ. თუ ვიტყვი, რომ თავშესაფარში ვცხოვრობ, ვიცი მიუღებელი იქნება მათთვის.  

თავშესაფარში, სადაც მე ვცხოვრობ, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ კომფორტი შევიქმნათ. ასე შეიძლება ისინი ვერ ცხოვრობდნენ, ვისაც ოჯახი აქვთ, მაგრამ აქ ხომ ვერ ვიცხოვრებთ 15-20 წელი?! არ მინდა, რომ ჩემმა შვილმა მუდამ თავშესაფარში იცხოვროს, არც ჩემი შვილის დატოვება და უცხოეთში გადახვეწა არ მინდა.

სახელმწიფოს მხოლოდ იმას ვთხოვ, რომ დასაქმებაში დაგვეხმარონ. მინდა ჩემი შვილი მე ვარჩინო. არ ვარ უუნარო, შემიძლია მუშაობა და მინდა ჩემივე სამსახურით შევიძინო თუნდაც ერთი ოთახი,  მე და ჩემმა შვილმა რომ ვიცხოვროთ.

________________________

მასალა მომზადებულია პროექტის – „უჩინარების ისტორიები“ ფარგლებში.

ავტორები: ნანა კვაჭაძე, ია ფრანგიშვილი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი