“პატრიოტთა ალიანსის” წევრი, დეპუტატი ემზარ კვიციანი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო “ძალიან ერევა” ოჯახის საკითხებში და რაც მეტად ერევა, მით მეტი ოჯახი ინგრევა.
ამის შესახებ კვიციანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც “ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტს განიხილავენ.
კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების (სკოლების), პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებში ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციისკენ მიმართული კომპონენტების გათვალისწინებას. ასევე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2019 წლის პირველ სექტემბრამდე უზრუნველყოს სკოლების, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებში ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციისკენ მიმართული კომპონენტების გათვალისწინება.
კვიციანმა აღნიშნა, რომ კომუნისტურმა რეჟიმმა არაერთი ოჯახი გადაარჩინა დანგრევას, რადგან განქორიწნების ვადა 6 თვეზე მეტხანს გრძელდებოდა, დღეს კი პროცედურა გამარტივებულია.
“5 დღეში რატომ ხდება განქორწინების მოწმობის მიცემა? რატომ აწყობს ვიღაცას, რომ ჩვენთან ოჯახები ინგრეოდეს? გაცხარებული კავკასიელი ცოლ-ქმარი რომ მივლენ იუსტიციის სახლში, 5 დღე ეყოფათ დასამშვიდებლად?” ,- განაცხადა კვიციანმა და დაინტერესდა, რატომ არ შეიძლება, განქორწინების პროცედურა 2 თვე მაინც გრძელდებოდეს.
“იმ ცხრაწლიანი რეჟიმის შემდეგ განევროზებული ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ვერ იკავებენ თავს, პატარა კამათის გულისთვის ოჯახები რომ ინგრევა, აქ რანაირად იცავს სახელმწიფო ამ ოჯახებს დანგრევისაგან?”, – აღნიშნა კვიციანმა.
დეპუტატი ასევე დაინტერესდა თაღლითური მიზნით ქორწინების საკითხის დარეგულირებით.
“თაღლითობაზე რას იტყვით, რომელიც არსებობს გინდა კაცების და ქალების მხრიდან? თაღლიურად რომ შექმნის ოჯახს ქალი და მერე ქონების გულისთვის რომ გაეყოფა და ძალადობას დააბრალებს ამას ყველაფერს, თუ არის [კანონპროექტში] გათვალისწინებული?” – აღნიშნა მან.
კვიციანის თქმით, ის არ არის კანონპროექტის წინააღმდეგი, თუმცა მიიჩნევს, რომ დახვეწა სჭირდება.
“ფაქიზად მოვეკიდოთ ამ საკითხს იმიტომ, რომ ეს არის ოჯახი. ბევრი რაღაცები, ტექნოლოგიები, შეიძლება ამერიკელებისა და ევროპელებისგან ვიწავლოთ, მაგრამ ოჯახური ტრადიცია შეიძლება იქით ვასწავლოთ ბევრ ვიღაცას. ამიტომ კარგად დავფიქრდეთ და დავხვეწოთ ეს თემა”, – დასძინა კვიციანმა.