აღნიშნული გადაწყვეტილება კომიტეტმა დღეს მიიღო. გადაწყვეტილებას კომიტეტის 48 წევრმა ერთის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი, ხოლო სამმა პარლამენტარმა თავი შეიკავა.
ევროპის პარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს ნაბიჯებს რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხებში. ევროპარლამენტარები ასევე მოუწოდებენ რუსეთს, რომ პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება უკან გაიხმოს.
დღეს მიღებულ რეზოლუციაში, რომელსაც ევროპის პარლამენტის 49 წევრი უჭერს მხარს, საკანონმდებლო ორგანო საქართველოს სასამართლო სფეროში განხორციელებულ რეფორმებს მიესალმება. ისინი ხაზს უსვამენ იმას, რომ ხელისუფლების სამი შტო უნდა იყოს გამოჯნული ერთმანეთისგან, ხოლო გამოძიებების დროს უნდა გამოირიცხოს პოლიტიკური მოტივაცია.
ასოცირების შეთანხმების დოკუმენტს ხელი 2014 წლის 27 ივნისს მოეწერა. ის მიზნად ისახავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას. შეთანხმება ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას.
ასოცირების შესახებ შეთანხმება მანამდე ვერ შევა ძალაში, სანამ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პარლამენტები არ მოახდენენ ხელშეკრულების რატიფიცირებას.






