ახალი ამბები

ბორის ჯონსონს ბრექსიტის რეფერენდუმის დროინდელი განცხადებებისთვის სასამართლოში იძახებენ

29 მაისი, 2019 • 858
ბორის ჯონსონს ბრექსიტის რეფერენდუმის დროინდელი განცხადებებისთვის სასამართლოში იძახებენ

დიდი ბრიტანეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, პარლამენტარ ბორის ჯონსონს სასამართლოში გამოიძახებენ ბრექსიტის რეფერენდუმის წინა პერიოდში გაკეთებული განცხადებების გამო.

როგორც გამოცემა „გარდიანი“ (The Guardian) წერს, 2016 წელს, ბრექსიტის წინასარეფერენდუმო პერიოდში, ჯონსონი გამუდმებით აცხადებდა, რომ გაერთიანებული სამეფო ბრიუსელს — ანუ ევროკავშირს — 350 მილიონ გირვანქა სტერლინგს უგზავნიდა.

ეს ბრექსიტის კამპანიის ერთ-ერთი უმთავრესი მესიჯი იყო. “გარდიანის” მიხედვით, როგორც მომჩივნები ამბობენ, ჯონსონს სასამართლოში სწორედ ამ განცხადების გამო იბარებენ. ჯონსონს სასამართლოში უჩივის 29 წლის ბიზნესმენი მარკუს ბილი.

ბილის მიერ შეკრებილი იურისტების ჯგუფმა, რომელთა დასაფინანსებლადაც ბიზნესმენმა 200 000 გირვანქა სტერლინგი შეაგროვა, უკვე წარადგინა მათ მიერ შეკრული საქმე ჯონსონის წინააღმდეგ.

მომჩივნები შეეცდებიან დაამტკიცონ, რომ ჯონსონის მიერ ამ განცხადების მუდმივად გამეორება — რომლის სიყალბეც არაერთმა მედიამ გამოავლინა — იყო ტყუილი და „სახელმწიფო მოხელის მხრიდან გადაცდომა“.

მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებაში წერია, რომ მომჩივანთა მიერ ჯონსონისთვის წაყენებული ბრალდებები დამტკიცებული არ არის, პარლამენტარს მაინც იძახებენ სასამართლოში.

ჯონსონი საგარეო საქმეთა მინისტრი 2016 წლიდან იყო. იგი ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის კამპანიის ერთ-ერთი ლიდერი იყო. ამჟამად — ტერეზა მეის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის შემდეგ — კონსერვატორების ლიდერობისთვის და პრემიერის პოსტისთვის იბრძვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი