ახალი ამბები

ავტობუსების დაგვიანებით მიწოდების გამო საათობრივი პარკირების ამოქმედება გადაიდო

29 მაისი, 2019 •
ავტობუსების დაგვიანებით მიწოდების გამო საათობრივი პარკირების ამოქმედება გადაიდო

ზონალურ-საათობრივი პარკირება, საპილოტე არეალში ავტობუსების სრული ოდენობით მიწოდების დაგვიანების გამო, პირველი ივლისის ნაცვლად პირველი აგვისტოდან ამოქმედდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დღეს, 29 მაისს განაცხადა.

კალაძის თქმით, პირველი აგვისტოს მდგომარეობით, იმ საპილოტე არეალში, სადაც ძალაში შევა პარკირების ახალი სისტემა, მუნიციპალიტეტი  დედაქალაქის მოსახლეობას და მის სტუმრებს MAN-ის მარკის 90 ახალი ავტობუსით მოემსახურება. 50 ავტობუსი უკვე ქალაქშია, დამატებით ელოდებიან 40-ის შემოყვანას. გარდა ამისა, იგეგმება უფრო მცირე ზომის 220 ავტობუსის შემოყვანა. 

“ზონალურ-საათობრივი პარკირების ამოქმედება პირველი ივლისიდან იყო დაანონსებული. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ გვსურს,  ყველა ავტობუსი ადგილზე იყოს და პარკირების რეფორმა მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პარალელურად განვახორციელოთ, ზონალური პარკირების პირველი აგვისტოდან ამოქმედების გადაწყვეტილება მივიღეთ.

ზონალურ-საათობრივი პარკირება პირველ ეტაპზე,  საპილოტე რეჟიმში, კოტე აფხაზის ქუჩაზე (ყოფილი ლესელიძე) და აბანოთუბანში ამოქმედდება.  იქამდე, მოქალაქეები შეძლებენ, გაეცნონ დეტალურ ინფორმაციას, თუ რა იქნება პარკირების საფასური და როგორ მოხდება მისი გადახდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.  

კალაძის ინფორმაციით, საათობრივი პარკირება არ შეეხებათ ადგილობრივ მცხოვრებლებს, მათ არანაირი გადასახადის გადახდა არ მოუწევთ. ასევე, საათობრივ-ზონალური პარკირება უფასო იქნება ელექტროძრავიანი ავტომანქანებისთვის. საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება როგორც გადახდის აპარატების მეშვეობით, ასევე, მობილური აპლიკაციის მეშვეობით.

“ჩვენ ახალ ველოსიპედს არ ვიგონებთ, გადმოგვაქვს საუკეთესო მაგალითები, რომელიც განვითარებულმა დიდმა ქალაქებმა განახორციელეს. რეფორმა ეტაპობრივად ხორციელდება, ამიტომ საწყის ეტაპზე საპილოტე პროექტი ორ ადგილზე ხორციელდება. მომავალში კი სხვა ადგილების მიმართაც ანალოგიური მიდგომა გვექნება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.   

მისი თქმით, მომავალში, სხვა არეალების დამუშავების მიზნით,  პროცესს მერიის შესაბამისი სამსახურები დააკვირდებიან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი