რკინიგზის ადმინისტრაციის განცხადებით, 2014 წლის 9 თვის მონაცემებით სს „საქართველოს რკინიგზის“ შემოსავლებმა შეადგინა 387,0 მილიონი პლარი. სატვირთო გადაზიდვებიდან შემოსავალი გაზრდილია 3,9%-ით (10,5 მლნ. ლარი) და შეადგინა 278,3 მლნ. ლარი, რაც განპირობებულია მშრალი ტვირთების და ნავთობპროდუქტების გადაზიდვიდან მიღებული შემოსავლის მნიშვნელოვანი ზრდით.
რკინიგზის ცნობით, გაიზარდა შავი ლითონის და ჯართის, შაქრის, სამშენებლო ტვირთების და მარცვლეულის გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავალი. მზარდი დინამიკით გამოირჩევა სამრეწველო ნედლეულის და ხორცის მრეწველობის პროდუქცია, როგორც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში, ასევე, 2014 წლის განმავლობაში.
სატვირთო სხვა ოპერაციებიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 93,4 მილიონი ლარი, რაც 20,9%-ით მეტია 2013 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 8.4%-ით გაიზარდა სამგზავრო გადაყვანებიდან შემოსავალი და შეადგინა 15.2 მილიონი ლარი.
კომპანიაა აცხადებს, რომ თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ფონდი 7,8%-ით (7,7 მლნ. ლარი) გაიზარდა 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში და მთლიანად საოპერაციო ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდა 4,8%-ით (12,6 მლნ. ლარი), რაც დადებითად აისახა კომპანიის საოპერაციო მოგებაზე.
საქართველოს რკინიგზის საოპერაციო მოგებამ 2014 წლის 9 თვის მონაცემებით შეადგინა 189,1 მლნ. ლარი, რაც 11,4%-ით (19,4 მლნ. ლარი) მეტია 2013 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
კომპანიის წმინდა მოგებამ 2014 წლის 9 თვის მონაცემებით შეადგინა 77,5 მლნ. ლარი, რაც 0,8%-ით (630 ათასი ლარით) მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
