ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“აზერბაიჯანის დამოუკიდებლობისთვის საფრთხის ძირითადი წყარო ისევ მოსკოვია” – ისა გამბარი

29 მაისი, 2019 • 1357
“აზერბაიჯანის დამოუკიდებლობისთვის საფრთხის ძირითადი წყარო ისევ მოსკოვია” – ისა გამბარი

“თუ დღეს აზერბაიჯანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა, პირველ რიგში, ეს არის აზერბაიჯანელი ხალხის დამსახურება. ამავე დროს, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობას, ისევე როგორც სხვა ახალი სახელმწიფოების დამოუკიდებლობას, დასავლეთი, თავისუფალი სამყარო და განსაკუთრებით აშშ-ის ფაქტორი უზრუნველყოფს”, – აცხადებს  “ამერიკის ხმის” აზერბაიჯანულ სამსახურთან ინტერვიუში აზერბაიჯანის სტრატეგიული აზრის ცენტრის ხელმძღვანელი, აზერბაიჯანული ოპოზიციური პარტია მუსვატის ყოფილი თავმჯდომარე ისა გამბარი.

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ აშშ-მა და ევროპის ქვეყნებმა უფრო მეტი პრინციპულობა უნდა გამოიჩინონ ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებში მათ მიერ დეკლარირებული ღირებულებების პატივისცემის საკითხთან დაკავშირებით”, – ამბობს გამბარი.

კითხვაზე, 1920 წელს აზერბაიჯანი რუსეთის მიერ [საბჭოთა რუსეთის] იყო ოკუპირებული და არსებობს თუ არა ახალი საფრთხეები აზერბაიჯანში ამ კუთხით,  ის ამბობს:

“საფრთხეების ძირითადი წყარო  მოსკოვია, რუსეთია”.

მისი თქმით, 100 წლის წინ რუსეთმა სრულად შეძლო სამხრეთ კავკასიის ოკუპაცია, თუმცა ამჟამად ამის გაკეთება უჭირს საერთაშორისო, აშშ-ის პოზიციის გამო.

“2003 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოსკოვი აზერბაიჯანის რეჟიმთან ერთად ძირს უთხრის ერის თავისუფლებას, დემოკრატიის საზღვრებს აწესებს, რომ აზერბაიჯანელმა ხალხმა ვერ მიაღწიოს სრულფასოვან დემოკრატიას. მოსკოვის მხრიდან სუვერენული სახელმწიფოების დამოკიდებლობისთვის საფრთხის შექმნაზე მოწმობს საქართველოში 2008 წელს, უკრაინაში კი 2014 წელს განვითარებული მოვლენები.

ეს საფრთხეები დღემდე გრძელდება. იმისთვის, რომ თავი დავაღწიოთ ამ მდგომარეობას, აზერბაიჯანის სახელმწიფომ ადამიანის თავისუფლების დანერგვისთვის უნდა იბრძოლოს,  კორუმპირებული რეჟიმი კი უგულებელყოფს იმ დემოკრატიულ ღირებულებებს, რომლითაც პირველი რესპუბლიკა ხელმძღვანელობდა. ახლა კი ავტორიტარული სისტემა მყარდება და ქვეყანა ლამის მონარქიის გზაზე დგას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი