მუხიანში, რადიოქარხნის ტერიტორიაზე, სარეკრეაციო-ახალგაზრდული სივრცის მოსაწყობად აუქციონი დღეს გამოცხადდება. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა დღეს განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, კონცეფციის შესამუშვებლად თბილისის მერიას დაქირავებული ჰყავდა კომპანია “კოლიერსი”, რომელთან ერთადაც შემუშავდა კონცეფცია და პროექტი:
პროექტის განსახორციელებლად ინვესტიციის მოცულობა 20 მილიონ ლარზე მეტი იქნება. ჩვენ ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან არაერთი შეხვედრა გვქონდა, რომელთაც ამ პროექტთან დაკავშირებით ჩვენი ხედვა წარვუდგინეთ. დარწმუნებული ვართ, მათი მხრიდან ინტერესი ძალიან დიდი იქნება და ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი განხორციელდება”.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, პროექტის განხორციელებას დაახლოებით 4 წელი დასჭირდა.
მუხიანის რადიოქარხნის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის მოწყობა კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირება იყო. იმჟამინდელმა მერობის კანდიდატმა პრესკონფერენცია მუხიანში მოაწყო და განაცხადა, რომ ამ ადგილას რეკრეაციული ზონა შეიქმნება.
მაშინ კალაძემ განაცხადა, რომ პროექტს “რადიოქალაქი” ჰქვია და კერძო ინვესტიციის მეშვეობით ადგილზე საგამოფენო სივრცეების, კაფეების, საცურაო აუზებისა და სხვა დაწესებულებების მოწყობას ითვალისწინებს.
თბილისის მერიამ ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიის განვითარებისა და პოტენციური გამოყენების კვლევაზე ტენდერი 2018 წლის აპრილში გამოაცხადა, რომელშიც “კოლიერსმა” გაიმარჯვა.