ახალი ამბები

რეკრეაციული ზონა მუხიანში – კალაძის განათლების, კულტურისა და სპორტის პოლიტიკა

9 ოქტომბერი, 2017 • 2449
რეკრეაციული ზონა მუხიანში – კალაძის განათლების, კულტურისა და სპორტის პოლიტიკა

თბილისის მერობის კანდიდატმა “ქართული ოცნებიდან”, კახა კალაძემ, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის პრეზენტაცია გამართა.

კანდიდატმა, განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრებთან ერთად, აუდიტორიას ის ძირითადი პროექტები გააცნო, რომელთა განხორციელებას, გამარჯვების შემთხვევაში, გუნდთან ერთად გეგმავს.

“ჩვენი მიზანია განათლებაზე, კულტურასა და სპორტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა თბილისის ყველა რაიონში. ჩვენ არ უნდა ვიყოთ ორიენტირებული მხოლოდ ცენტრზე. ყველა წერტილში მცხოვრებმა ადამიანმა დედაქალაქი უნდა იგრძნოს საკუთარ თავზე”, – აღნიშნა კალაძემ.

კალაძემ განათლების მიმართულებაზე საუბარი თბილისის საბავშვო ბაღებით დაიწყო. მისი თქმით, აქ არსებული ერთერთი მთავარი პრობლემის – ადგილების სიმცირის – მოსაგვარებლად, 30-ზე მეტი ახალი ბაღი უნდა აშენდეს. ოთხწლიანი პროგრამა მუნიციპალური საგანმანათლებლო დაწესებულებების მოწყობასა და თბილისის ხუთ რაიონში ე.წ. განათლების პარკების შექმნასაც ითვალისწინებს, სადაც სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო დაწესებულებები განთავსდება.

მერობის კანდიდატმა პრეზენტაცია მუხიანის დასახლებაში, ე.წ. ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიაზე გამართა, რომლის რეკრეაციულ ზონად ქცევა მისი ერთ-ერთი დაპირებაა. კალაძის თქმით, პროექტს “რადიოქალაქი” ჰქვია და კერძო ინვესტიციის მეშვეობით ადგილზე საგამოფენო სივრცეების, კაფეების, საცურაო აუზებისა და სხვა დაწესებულებების მოწყობას ითვალისწინებს.
რეკრეაციული სივრცის მოწყობის პირობას კანდიდატი თბილისის ანძის ტერიტორიაზეც დებს.

საუბარი შეეხო სპორტის მიმართულებასაც: კალაძის თქმით, მომდევნო ოთხი წლის მანძილზე დედაქალაქში 10 მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი უნდა შეიქმნას.

“ქართული ოცნების” პროგრამა თვითმმართველობის არჩევნებისთვის შვიდ მთავარ მიმართულებას მოიცავს. კახა კალაძემ საზოგადოებისთვის უკვე გამართა სოციალურ-ეკონომიკური, სატრანსპორტო და ეკოლოგიური პოლიტიკის პრეზენტაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი