2013-17 წლებში წაგებულ საქმეებზე საჯარო უწყებებს 1,6 მლნ ლარის გადახდა დაეკისრა – IDFI

IDFI-ის ინფორმაციით, 2013-2017 წლებში 89 საჯარო დაწესებულების წინააღმდეგ კანონიერ ძალაში 1 543 გადაწყვეტილება შევიდა;

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებიდან საჯარო ინფორმაციის სახით მოითხოვა 2013-2017 წლებში კანონიერ ძალაში შესული და მათ წინააღმდეგ დასრულებული სასამართლო დავების ჩამონათვალი, დავის საგნისა და დაკისრებული პასუხისმგებლობის მითითებით. საერთო ჯამში, გამოიკვლიეს 89 საჯარო დაწესებულების, მათ შორის, სამინისტროების, პარლამენტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების წინააღმდეგ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებები და უწყებათა მიერ რეგრესის წესით მოთხოვნილი და ანაზღაურებული ზიანის ოდენობა.

კვლევის თანახმად, 2013-2017 წლებში ყველაზე მეტი – 831 – გადაწყვეტილება ძალაში შევიდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წინააღმდეგ, რაც განპირობებულია დავების სპეციფიკით. აღნიშნული დავებიდან 401 ეხებოდა ლტოლვილის სტატუტის მინიჭებას, 178 – დევნილის სტატუსის აღდგენას.

აღნიშნულ წლებში სასამართლო გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლის შედეგად განხილულ 89 საჯარო დაწესებულებას, ჯამში, 1 631 603,36 ლარი დაეკისრა. პასუხისმგებლობის სახით ყველაზე დიდი რაოდენობის თანხა შს სამინისტროს დაცვის პოლიციას დაეკისრა (188 780,60 ლარი). სამინისტროების შემთხვევაში კი ყველაზე დიდი რაოდენობის თანხა – 135 974,8 ლარი – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაეკისრა.

მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების მიხედვით, თანამშრომლების სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების გამო ყველაზე დიდი რაოდენობის თანხა დანაშაულის პრევენციის ცენტრს დაეკისრა.

IDFI-ის შეფასებით, დღეს საქართველოში არ მოქმედებს ეფექტური მექანიზმი, რომელიც თანამდებობის პირების მხრიდან უკანონო ქმედებებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვის პრევენციას მოახდენს.

“მივიჩნევთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აუდიტის ჩატარებისას უნდა გამოავლინოს შემთხვევები, რა დროსაც კონკრეტული პირების განზრახვით ან უხეში გაუფრთხილებლობით მიყენებული ზიანის გამო საჭირო გახდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გადახდა, შედეგად გარკვეული ზიანი მიადგა სახელმწიფოს, თუმცა ამ ზიანზე პასუხისმგებელი პირისაგან რეგრესის წესით ანაზღაურება არ მომხდარა. პრობლემას, ასევე, წარმოადგენს საჯარო დაწესებულებების წინააღმდეგ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების აღუსრულებლობა, განსაკუთრებით კი, შრომითი ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავების შემთხვევაში, ვინაიდან გადაწყვეტილებათა აღუსრულებლობის შედეგად იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადასახდელი თანხის რაოდენობაც”, – ნათქვამია IDFI-ს განცხადებაში.

IDFI მიიჩნევს, რომ აუცილებელია საზოგადოებას ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია საჯარო დაწესებულებების წინააღმდეგ დასრულებული სასამართლო დავების შესახებ, რაც მოიცავს დაკისრებული პასუხისმგებლობის შესახებ ინფორმაციასაც.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.