28 მაისს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსთან აზერბაიჯანის კონტროლირებადი ტერიტორიის მხრიდან აზერბაიჯანელი მოქალაქეები არ შეკრებილან.
წინა დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 28 მაისს — როდესაც აზერბაიჯანი რესპუბლიკის დღეს აღნიშნავს — აზერბაიჯანელი სტუდენტები მსვლელობას აპირებდნენ დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში შემავალი ძეგლების მიმართულებით.
თუმცა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, თეიმურაზ კუპატაძემ არ დაადასტურა ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, „არანაირი მსვლელობა არ იგეგებოდა“. ადგილზე, აზერბაიჯანის მხარეს, მხოლოდ მესაზღვრეები იმყოფებოდნენ, როგორც ჩვეულებრივ დღეებში ქართველ მესაზღვრეებთან ერთად იმყოფებიან ხოლმე.
ამის შესახებ კუპტაძემ დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში განაცხადა, როდესაც იქ საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
საქართველოს მხრიდან დემონსტრანტებმა შეკრება 28 მაისს დილიდან დაიწყეს, საქართველოს დროშებით ავიდნენ უდაბნოს მონასტერთან [აღდგომის ტაძართან], შემდეგ ჩიჩხიტურის მონასტერთან და, როგორც ამბობდნენ, უჩვენეს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, რომ „დავითგარეჯა საქართველოა“.
უდაბნოს და ჩიჩხიტურის ტაძრები დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილია და იმ ტერიტორიაზეა განლაგებული, სადაც აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საზღვარი დაუდგენელია.
დავითგარეჯის საკითხის დეტალურად გასაცნობად გირჩევთ გაეცნოთ ნეტგაზეთის სტატიას: