ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს, ომარ მახარაძეს, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ, უნივერსიტეტში ეთიკური სტანდარტის დარღვევა დაუდგინეს. გადაწყვეტილება უნივერსიტეტის დისციპლინარულმა საბჭომ 28 მაისს მიიღო.
საუბარია 21 მაისს გავრცელებულ ინფორმაციაზე – სტუდენტი გოგო „ბათუმელებს“ მოუყვა, რომ მას ლექტორი სექსუალურად ავიწროებდა. გამოძიება თავდაპირველად იძულების მუხლით დაიწყო, შემდეგ კი, პროკურატურამ მუხლი დაამძიმა და ამჟამად ძიება „სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების“ მიმართულებით გრძელდება.
„დღეს, 6 საათზე შევიკრიბეთ და ორი საათი განვიხილავდით ამ საკითხს… ჩვენი გადაწყვეტილება ეყრდნობა სხვადასხვა ფაქტს, რომელიც სტუდენტებმა მოგვაწოდეს. დასაბუთებას გადაწყვეტილებაში დავწერთ. ჩვენ დავდეთ დასკვნა, ლექტორთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტაზე საბოლოო სამართლებრივი აქტი რექტორმა უნდა მიიღოს. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დისციპლინური სახდელის ეს ფორმა გამოგვეყენებინა – სამსახურებრივი ხელშეკრულების შეწყვეტა“, – გვითხრა ანზორ ბერიძემ, ბსუ-ს დისციპლინარული საბჭოს ხელმძღვანელმა.
საბჭოს სხდომას მხოლოდ ერთი წევრი – ლევან ჯაყელი არ ესწრებოდა. ომარ მახარაძისთვის შრომითი კონტაქტის შეწყვეტას საბჭოს ექვსმა წევრმა დაუჭირა მხარი. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება ლექტორს სასამართლოში შეუძლია.