აქცია გაიმართება შემდეგ ქალქებში: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, თელავი, ზუგდიდი, ოზურგეთი, რუსთავი, ახალციხე, ნინოწმინდა, დუშეთი, გურჯაანი, ახალქალაქი, მარნეული, გარდაბანი, დმანისი, წყალტუბო, გორი, ბოლნისი და ქობულეთი.
დღეს, 17 ნოემბერს, ფრონტლაინის კლუბში “ქალთა მოძრაობის” პრეზენტაცია გაიმართა.
„ქალთა მოძრაობა“ არ არის პოლიტიკური პარტია, არც არასამთავრობო ორგანიზაცია და არც საქველმოქმედო ფონდი, არამედ მოძრაობა, რომელმაც გააერთიანა ყველა ის ადამიანი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია გენდერული თანასწორობა, ქალების უფლებები და ვინც უკიდურესად შეშფოთებულია მიმდინარე წლის მანძილზე სულ ცოტა 25 ქალის მკვლელობით, გახშრებული ოჯახური ძალადობით და ქალების მუდმივი ჩაგვრით საქართველოში”,- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც “ქალთა მოძრაობა” ავრცელებს.
„ჩვენ ვერთიანდებით იმისათვის, რომ ვუთხრათ მთავრობას და პარლამენტს – ქალზე ძალადობის აღმოფხვრა საზოგადოების დაკვეთაა, შესაბამისად, ეს მათი პრიორიტეტი უნდა გახდეს! მივმართავთ საზოგადოებას, ჩვენ, ყველას ერთად და თითოეულს ცალ-ცალკე, შეგვიძლია შევცვალოთ არსებული მდგომარეობა, ნუ დავხუჭავთ თვალს ქალის მიმართა ძალადობაზე,“- განაცხადა ბაია პატარაიამ, ქალთა მოძრაობის აქტივისტმა.
“ქალთა მოძრაობის“ პრეზენტაციაზე იმყოფებოდნენ მოძრაობის აქტივისტები, რომელთა შორის არიან მწერალი, მასწავლებელი, მხატვარი, ფილოსოფოსი, სტუდენტი, ფსიქოლოგი ქალები, სხვადასხვა პროფესიის, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ადამიანები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციაში მომუშავე ქალები და კაცები, “რათა მასშტაბური მოძრაობით შეცვალონ ქალებზე ძალადობის და ჩაგვრის მავნე ტენდენცია. დღეს, მოძრაობამ გახსნა კარი ყველა იმ ადამიანისთის, ვისაც აქვს სურვილი წვლილი შეიტანოს მოძრაობაში, რომლის პირველი და არა უკანასკნელი აქცია 25 ნოემბერს, პირველ საათზე გაიმართება. მოძრაობა დღეიდან მოყოლებული იქნება აქტიური და იმუშავებს ყველა იმ მიმართულებით, რაც ქალთა უფლებებს და მათ საჭიროებებს შეეხება.”
როგორც “ქალთა მოძრაობის” აქტივისტები აცხადებენ, ქალზე ძალადობის წინააღმდეგ აქციას უერთდება რამდენიმე ქვეყანა: სომხეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი, რომლებიც სოლიდარობის ნიშნად ძალადობის წინააღმდეგ აქციას გამართავენ.
„ვიკრიბებით 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს და სოლიდარობას ვუცხადებთ ქალებს: თქვენ მარტო არ ხართ! ჩვენ მარტო არ ვართ! ჩვენ ბევრნი ვართ! ჩვენ, ყველას ერთად და თითოეულს ცალ-ცალკე, შეგვიძლია შევცვალოთ არსებული მდგომარეობა. ნუ დავხუჭავთ თვალს ქალის მიმართ ძალადობაზე – გავერთიანდეთ 25 ნოემბერს და ერთად ვთქვათ: ქალზე ძალადობა დანაშაულია- შეაჩერე“,- განაცხადა ნინო დანელიამ, მოძრაობის აქტივისტმა.





