ახალი ამბები

მხარს ვუჭერთ სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ მებრძოლ ყველა სტუდენტს – გენდერული საბჭო

28 მაისი, 2019 •
მხარს ვუჭერთ სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ მებრძოლ ყველა სტუდენტს – გენდერული საბჭო

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო მხარს უჭერს სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ მებრძოლ ყველა სტუდენტს. ამის შესახებ საბჭო განცხადებას ავრცელებს.

ამ განცხადებით საბჭო ეხმიანება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის საქმეს, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. საბჭო წერს, რომ ისინი პირადად დაუკავშირდნენ სტუდენტს და დამატებით მიიღეს ინფორმაცია მომხდარის შესახებ

“სექსუალური შევიწროებისგან დაცვის ეფექტიანი საშუალებები სახელმწიფომ უკვე შექმნა – სექსუალური შევიწროება, როგორც დისკრიმინაციის ერთ-ერთი სახე, აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით, ამასთან, სექსუალური მოძალადისთვის განსაზღვრულია სათანადო პასუხისმგებლობა. აღსანიშნავია, რომ სექსუალური შევიწროება საგანმანათლებლო სივრცეში ზიანს აყენებს არა მხოლოდ კონკრეტულ მსხვერპლს, არამედ აზარალებს საგანმანათლებლო პროცესს და მთლიანად საზოგადოებას.

დღეს, როდესაც ქვეყანაში გენდერული თანასწორობის მიღწევისთვის ვიბრძვით, საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც მზად არის ღიად ისაუბროს სექსუალური შევიწროების ფაქტებზე, დაუცველობის განცდა არ უნდა დარჩეთ”, – წერია განცხადებაში.

გენდერული თანასწორობის საბჭო მოუწოდებს ყველა კომპეტენტურ ორგანოს, შემჭიდროებულ ვადაში განიხილონ საქმე და მოახდინონ ადეკვატური რეაგირება.

გარდა ამისა, განცხადებაში ნათქვამია, რომ საბჭო დააკვირდება უფლებამოსილი უწყებების რეაქციებს და განაგრძობს კომუნიკაციას ბსუ-ს სტუდენტ(ებ)თან.

http://batumelebi.netgazeti.ge/news/204003/

მასალების გადაბეჭდვის წესი