ახალი ამბები

ბოლნისში არასრულწლოვნის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით პოლიციელი დააკავეს

28 მაისი, 2019 •
ბოლნისში არასრულწლოვნის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით პოლიციელი დააკავეს

პროკურატურის ინფორმაციით, შსს-ს ბოლნისის რაიონული სამმართველოს ყოფილი დეტექტივ-გამომძიებელი  არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დააკავეს.

“სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 13 თებერვალს საქართველოს შს სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა ბოლნისის შს რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში ყოფნის დროს ქურდობაში მხილებულ არასრულწლოვანს მიაყენა როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური შეურაცხყოფა. ცემის დროს დარტყმის შედეგად არასრულწლოვანი გადავარდა სკამიდან და მოტყდა მარჯვენა ხელი, რაც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წარმოადგენს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებას”,-წერია განცხადებაში.

უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო, რაც ითვალისწინებს ხუთიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

“საქმეზე ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების გამოვლენის მიზნით, რის შემდეგაც მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება”,-აცხადებენ პროკურატურაში.

არასრულწლოვანი ბიჭი ბოლნისის პოლიციის თანამშრომლებს ცემასა და გაუპატიურების მუქარაში ადანაშაულებს.

არასრულწლოვანი ბოლნისის პოლიციაში მიმდინარე წლის თებერვალში მიიყვანეს. მისი განცხადებით,  პოლიციის განყოფილებაში სცემეს და ემუქრებოდნენ, რომ არაღიარების შემთხვევაში, გააუპატიურებდნენ. არასრულწლოვნის თქმით, ამ დროს პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მეორე ოთახიდან ბოთლი გამოიტანა.

როგორც ის იხსენებს, ცემის შედეგად ხელი მოტყდა, თუმცა პოლიციელებს ამის არ სჯეროდათ და აგრძელებდნენ მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას. ამავე დროს, მისი განცხადებით, ვიდეოსაც უღებდნენ და ემუქრებოდნენ, რომ ინტერნეტში გაუვრცელებდნენ.

არასრულწლოვანი პოლიციას წამებასა და გაუპატიურების მუქარაში ადანაშაულებს

მასალების გადაბეჭდვის წესი