ახალი ამბები

საქართველოს ანტიანექსიური გეგმა ამერიკელი ანალიტიკოსების თვალით

17 ნოემბერი, 2014 • • 1487
საქართველოს ანტიანექსიური გეგმა ამერიკელი ანალიტიკოსების თვალით

“რუსეთსა და აფხაზეთს შორის შეთანხმების ახალი პროექტი რუსეთის მხრიდან აფხაზეთის დე ფაქტო ანექსიის ახალ ეტაპზე მიანიშნებს. მოყოლებული 2008 წლიდან ნათელი იყო, რომ რუსეთი ცდილობდა აფხაზეთი დაახლოებით ისეთ სუბიექტად ექცია, როგორიც პუერტო რიკოა აშშ-ში – აფხაზეთი, როგორც რუსეთის ფედერაციის არაწევრი, თუმცა საკმაოდ დაახლოებული. ყირიმის შემდეგ გამორიცხული არ არის, რომ რუსეთმა აფხაზეთის უკვე ფორმალური ანექსიაც განახორციელოს”, – ეს ამერიკელი ანალიტიკოსის, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ევროპის, რუსეთის და ევრაზიული კვლევების ინსტიტუტის დირექტორ კორი ველტის კომენტარია, რომლითაც მან “ბათუმელებთან” საუბარში რუსეთისა და სოხუმის ურთირთობის ახალ ეტაპზე გადასვლის პროცესი შეაფასა.


კორი ველტი
კორი ველტი

თბილისის საპასუხო ნაბიჯები

რუსეთსა და აფხაზეთს, ასევე, სამხრეთ ოსეთს შორის თანამშრომლობის ახალი ე.წ. ანექსიური ხელშეკრულების საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლების სამოქმედო არეალი ორი მიმართულებით გამოიკვეთა: საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება რუსეთის წინააღმდეგ და ფართო ავტონომიის შესახებ შეთავაზება სოხუმისათვის. საქართველოს უკვე ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელებს შეხვდა და ზემოხსენებული ხელშეკრულების დეტალები გააცნო, რომელიც აფხაზეთის რუსეთთან უფრო მეტ ინტეგრაციას ითვალისწინებს და რომელსაც თბილისში “ანექსიის მცდელობად” აფასებენ, ხოლო მისმა ასევე უკვე ყოფილმა მოადგილე დავით ზალკალიანმა თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ჩააყენა საქმის კურსში. გაკეთდა განცხადებები, რომ საქართველო “აგრესიული საგარეო პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმას” იწყებდა. თავის მხრივ, პრემიერი ღარიბაშვილი, რომელიც ჯერ კიდევ ზაფხულში ყირიმის სიტუაციის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან შედარებას დიდ შეცდომად მიიჩნევდა, საჯაროდ გამოვიდა და სოხუმს, ერთად და მშვიდად ცხოვრების კონტექსტში, ფართო ავტონომია შესთავაზა.

აგრესიული საგარეო პოლიტიკის და ავტონომიის შეთავაზების შედეგები

ავტონომიაზე ღარიბაშვილის შეთავაზებას სოხუმში არაადეკვატური უწოდეს, ხოლო “აგრესიული საგარეო პოლიტიკის” შედეგად დასავლეთის მხრიდან რუსეთზე განხორციელებული დამატებითი ზეწოლა ჯერ არ ჩანს: ამ დროისთვის საჯაროდ საუბარი არ მიმდინარეობს რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე, როგორც ეს ყირიმის შემთხვევაში მოხდა, და მოსკოვის მიმართულებით განსაკუთრებით მწვავე განცხადებები ჯერ არ ისმის. ამ საკითხზე საზოგადოებამ აშშ-ის ელჩის, რიჩარდ ნორლანდის განცხადება მოისმინა, რომელმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი თავისი ქვეყნას მხარდაჭერა დაადასტურა. თავისი შეშფოთება გამოთქვა ეუთოში აშშ-ს მისიამაც, ხოლო ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებს და შექმნილ მდგომარეობაზე შესაბამისი რეაგირების მოხდენას გეგმავს. რატომ არ ტრანსფორმირდა ეს განცხადებები აშშ-ის და ევროკავშირის პირდაპირ ქმედებებში რუსეთის წინააღმდეგ? – “ბათუმელების” ამ შეკითხვას დღეს არც მაია ფანჯიკიძე და არც დავით ზალკალიანი პასუხობენ.

ანტიანექსიური გეგმა

ანალიტიკური ცენტრი “საქართველოს რეფორმების ასოციაცია” აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ზემოხსენებული ხელშეკრულებების ინიცირებიდან გამომდინარე შექმნილი ახალი ვითარების საპასუხოდ ანტიანექსიური სტრატეგიის ჩამოყალიბების ინიციატივით გამოდის. ერთ-ერთი მთავარი მიდგომა, რასაც ცენტრი ხელისუფლებას სამსჯელოდ სთავაზობს, საქართველოს ტერიტორიული პრობლემების საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნებაა ყირიმის საკითხთან ახლოს. ასევე, საუბარია საერთაშორისო აზრის ფორმირების მიზნით საერთაშორისო პრესასთან აქტიურ მუშაობაზე და “ანექსიიდან გამომდინარე, ახალი საერთაშორისო სამართლებრივი და პოლიტიკური ტერმინოლოგიის დანერგვაზე”. სერგი კაპანაძემ, ანალიტიკური ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა “ნეტგაზეთთან” განმარტა, რომ საერთაშორისო დოკუმენტებში ტერმინი ოკუპაცია “ანექსიის საფრთხედ” ან “რუსეთის მიერ ანექსიის პროცესად” უნდა ჩანაცვლდეს, რისთვისაც ოფიციალურმა თბილისმა უნდა იმუშაოს:

“თუ დღეს არ გაჩნდა ეს გაფრთხილებები, რომ ანექსიის საფრთხე არის რეალური, მომავალში იქნება სერიოზული პრობლემა”, – ასეთია კაპანაძის განმარტება.

რა შედეგებს მოიტანს საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება და პოლიტიკურ ლექსიკონში ახალი ტერმინოლგიის დამკვიდრება?

“ბათუმელებმა” ზემოხსენებული შეკითხვით იმ უცხოელ ანალიტიკოსებს მიმართა, რომლებიც დასავლეთის სხვადასხვა ანალიტიკურ ცენტრებსა თუ უნივერსიტეტებში მუშაობენ და კავკასიის რეგიონსაც ფარავენ. ანალიტიკოსების მიდგომები განსხვავდება, თუმცა ყველა თანხმდება, რომ მხოლოდ საერთაშორისო ასპარეზზე აქტიურობა და პოლიტიკურ დღის წესრიგში ახალი ტერმინოლოგიის დამკვიდრება და აფხაზეთისა და ცხინვალის პრობლემის იგივე ყირიმის გვერდით დაყენება ოფიციალურ თბილისს პრობლემებს ვერ მოუხსნის:

“ტერმინოლოგიაში ცვლილებები სასარგებლოა უფრო კონსტრუქციული ბაზისის ჩამოყალიბებისთვის, მაგრამ ცალკე აღებული არასაკმარისი იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებების მისაღწევად. მესმის, ამ შემოთავაზების არსი მდგომარეობს აფხაზი ხალხისთვის იმის დემონსტრირებაში, რომ რუსეთი კეთილისმსურველი აქტორი არ არის ამ პროცესში, მაგრამ ლოკალური აღქმა აფხაზეთში (სამართლიანად თუ უსამართლოდ) რუსეთს საქართველოზე უფრო სანდოდ წარმოაჩენს. აფხაზებს დამოუკიდებლობა სურთ, მაგრამ არსებული სინფორმაციო გარემოს მიხედვით, თუ მათ არჩევანის გაკეთება მოუწევთ რუსეთისა და საქართველოს შემადგენლობაში ყოფნას შორის, სამწუხაროდ, ალბათ უფრო რუსეთს აირჩევენ”, – ამბობს მაიკლ ჩეჩირე, ფილადელფიის საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის ანალიტიკოსი. მისი თქმით, აფხაზეთის პრობლემის საერთაშორისო საკითხად ქცევა ემოციურად შესაძლოა იყოს სასიკეთო და გარკვეული ბენეფიტებიც მოიტანოს, მაგრამ უკრაინის მაგალითზე კარგად ჩანს, რომ ეს ეფექტი ფუნქციურად ძალიან შეზღუდულია.

მაიკლ ჩეჩირე
მაიკლ ჩეჩირე

 

“ჩემი აზრით, საქართველომ უკვე საკმაოდ დიდი დრო და ენერგია დახარჯა იმ იმედით, რომ საერთაშორისო საზოგადოება ძალისხმაევას გაიღებდა, გააძლიერებდა ზეწოლას [რუსეთზე] პრობლემის მოსაგვარებლად, მაგრამ ამდენივე დრო და ენერგია არ მიუმართავს თუნდაც დევნილი მოსახლეობის პირდაპირ საჭირობებსა და არჩევანის ძებნაზე, თუნდაც ეს იყოს ძალიან რთული არჩევანი, იმისათვის, რომ კონფლიქტის პერმანენტულად, მშვიდობიანად მოგვარებისთვის გზა იპოვო”, – დასძენს ჩეჩირე ჩვენთან საუბარში.

The Heritage Foundation-ის ანალიტიკოსი ლუკ კეფი, რომელიც თავის დროზე ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ლაიამ ფოქსის მრჩეველი იყო, “ბათუმელებთან” ამბობს, რომ შექმნილ ვითარებაში საქართველოს ანტიანექსიური გეგმა მართლაც სჭირდება, თუმცა ის უფრო პრაქტიკულ ქმედებებზე უნდა იყოს გამიზნული:

ლუკ კეფი/The Heritage Foundation-ის ფოტო
ლუკ კეფი/The Heritage Foundation-ის ფოტო

 

“ოკუპაცია და ანექსია ერთმანეთთან დაკავშირებული საკითხებია. ჯერ გაქვს ოკუპაცია, შემდეგ ანექსია – ასე რომ, ორივე მათგანი ერთად უნდა განვიხილოთ. არ ვარ დარწმუნებული, რომ ტერმინოლოგიის ცვლილება საქართველოს სიტუაციას დაეხმარება საერთაშორისო ასპარეზზე. წლების განმავლობაში თბილისი ლიმიტირებული წარმატებით ცდილობს, რომ რუსეთის ყოფნა აფხაზეთში ოკუპაციად შეაფასონ. არაფერი ამტკიცებს იმას, რომ ‘ანექსიის” ტერმინის დამკვიდრებას უფრო მეტი წარმატება ექნება. ჩემი აზრით, საქართველომ უნდა გააგრძელოს ამ საკითხებზე ევროპასა და აშშ-ში თავისი მეგობრების ინფორმირება და განახორციელოს პრაქტიკული ქმედებები, რათა ადამიანები აფხაზეთში დაარწმუნოს, რომ მათ საქართველოსთან ერთად უფრო ნათელი მომავალი ექნებათ, ვიდრე რუსეთთან”, – აცხადებს ლუკ კეფი.

ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ევროპის, რუსეთის და ევრაზიული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი კორი ველტი  ეთანხმება მოსაზრებას, რომ “აფხაზეთის ოკუპაციის” ნაცვლად ტერმინი “მცოცავი ანექსია” უფრო ზუსტია ამ პროცესში, მაგრამ არ სჯერა, რომ იმის ცვლილება, თუ რას უწოდებს საქართველო ან საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის პოლიტიკას აფხაზეთში, ავტომატურად მნიშვნელოვნად შეცვლის პროცესებს საქართველოს სასარგებლოდ:

 

“რაც უფრო მიუახლოვდება საქართველო თავის მისწრაფებას ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, სავარაუდოდ, რუსეთი უბრალოდ აირჩევს აფხაზეთის ანექსიას საპასუხო ზომად. ცხადია, ასეთი ქმედება საერთაშორისო საზოგადოებისაგან რუსეთის იზოლაციის ხარისხს კიდევ უფრო გაზრდის, მაგრამ მოსკოვმა უკვე აჩვენა, რომ ის ამ საფასურის გადასახდელად მზად არის”, – აღნიშნავს ველტი.

“საქართველომ ბევრი იმუშავა, იმისათვის, რომ აფხაზეთში განვითარებული მოვლენებისათვის ოკუპაცია დაერქმია, ახლა ამის შეცვლის მცდელობამ შესაძლოა საერთაშორისო აქტორების დაბნევა გამოიწვიოს”, – ეს კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის, ანალიტიკოს ლინკოლ მიტჩელის სიტყვებია, რომელიც მან “ბათუმელებს” უთხრა.

მისი თქმით, აფხაზეთი და ყირიმი ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ ეს არაა იდენტური სიტუაციები.

“რუსეთის ქმედებები ყირიმში მიმდინარე წელს იყო სწრაფი და გადამწყვეტი. რამდენიმე კვირის ფარგლებში ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში აღმოჩნდა. 2008 წელს რუსეთმა აფხაზეთში სიტუაცია თბილისისთვის გააუარესა, მაგრამ საქართველო წლების განმავლობაში ვერ ახერხებდა თავისი სუვერენიტეტის აფხაზეთის მიმართ გავრცელებას. ყირიმსა და აფხაზეთში მოსკოვის ქმედებების იგივე სიტყვებით დახასიათების მცდელობის თვალსაზრისით, საქართველო ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი ანექსია ზუსტად ასახავს იმას, რაც რუსეთმა ყირიმში ჩაიდინა, სამწუხარო სიმართლე არის ის, რომ უკრაინის მოკავშირეებმაც კი დაუშვეს ეს ანექსია. აფხაზეთის ყირიმთან დაკავშირებამ შესაძლოა მსგავსი აღქმა გამოიწვიოს, რაც საქართველოსთვის კარგი არ იქნება”, – აცხადებს მიტჩელი.


ლინკოლნ მიტჩელი/dfwatch.net-ის ფოტო
ლინკოლნ მიტჩელი/dfwatch.net-ის ფოტო

რეკომენდაციები

გარდა საერთაშორისო ასპარეზზე აქტიურობისა, “საქართველოს რეფორმების ასოციაციის” ანტი-ანექსიური გეგმის მონახაზი სოხუმისა და ცხინვალის მოსახლეობის მიმართ ახალი, რეალისტური და ქმედითი ინიციატივების ჩამოყალიბებაზე მსჯელობასაც სთავაზობს ხელისუფლებას, მათ შორის, სადაც შესაძლებელია სტატუს-ნეიტრალური მიდგომის გამოყენებით. ანალიტიკოსები, რომელთაც “ბათუმელები” ესაუბრა, საქართველოს ხელისუფლებას სწორედ აფხაზურ და ოსურ მოსახლეობასთან კავშირების დამყარების რეკომენდაციას აძლევენ. შეკითხვას, როგორ უნდა უპასუხოს თბილისმა მოსკოვსა და სოხუმს, ასევე მოსკოვსა და ცხინვალს შორის მზადების პროცესში მყოფ ხელშეკრულების პროექტებს, ლინკოლნ მიტჩელი ასე პასუხობს:

“საქართველოს ხელისუფლებას ჯადოსნური საშუალება არ აქვს. კონფლიქტისთვის სახელის გადარქმევას და იმის მოწოდებას, რომ რუსეთის უსამართლო ქმედებებს მეტი ყურადღება მიექცეს, უფრო შიდა პოლიტიკასთან აქვს კავშირი, ვიდრე პრობლემის მოგვარებასთან. ხელისუფლება, ალბათ, ერთდროულად უნდა მიჰყვეს რამდენიმე კვალს – გააკეთოს, რისი გაკეთებაცაა შესაძლებელი, რათა თავიდან აიცილოს მუქარა რუსეთთან მიმართებაში, ასევე, დაიწყოს იმის გაცნობიერება, რაც აფხაზეთთან აკავშირებს, ნაცვლად მთლიანად ისტორიაზე ფოკუსირებისა და იმის გარკვევისა, ვინაა მართალი და ვინ მტყუანი. ეს არაპოპულარული იდეაა, მაგრამ ახლა აფხაზეთის მოსახლეობა ძალიან მნიშვნელოვანია და შესაძლოა, რუსეთს ჩამოშორდეს კიდევაც, თუ საქართველო საკითხს სათანადოდ მიუდგება. პარალელურად, საქართველომ აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს დასავლეთთან ძლიერი კავშირი და მისი მხარდაჭერა იმისათვის, რომ საქართველოს მოკავშირეები აფხაზეთის პრობლემის გამო, როგორც მინიმუმ შეწუხებული იყვნენ”, – ამბობს მიტჩელი.

“საქართველოს ხელისუფლებას ბევრი ეფექტური გამოსავალი ნამდვილად არ აქვს. პირველი, რისი გაკეთებაც შეუძლია, არის ის, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში რჩება და უკავშირდება ყირიმის თემას. საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია სცადოს საერთაშორისო პარტნიორების დარწმუნება, რომ ყველა იმ რეზოლუციაში, რომელიც ყირიმის ანექსიასა და დონბასის კონფლიქტს შეეხება, აფხაზეთის მცოცავი ანექსიის საკითხიც დააფიქსირონ.

უფრო პრაქტიკული იქნება, თუ გაგრძელდება გამყოფი ხაზების იქით მცხოვრებ აფხაზებთან და ოსებთან კავშირების დამყარების მცდელობა, იმისათვის, რომ დანარჩენ საქართველოსთან გრძელვადიანი ურთირთობის კუთხით მათი ინტერესი არ გაქრეს. თუმცა, ცხადია, ეს მოითხოვს ცხინვალის და სოხუმის ადმინისტრაციებთან თანამშრომლობას. ბოლოს, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ის, რისი განხორციელების პირობასაც დებს – გააგრძელოს ფოკუსირება ასოცირების შეთანხმებაზე, სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმირებისა და ქვეყნის განვითარებისთვის სათანადო პირობების შექმნა”, – აღნიშნავს კორი ველტი და დასძენს, რომ ამავდროულად უნდა გაგრძელდეს რუსეთთან ურთიერთობის შენარჩუნების მცდელობის პროცესი, რასაც საქართველოს მოქალაქეებისთვის ბენეფიტები მოაქვს, მაგრამ არა ევროპულ ინტეგრაციაზე უარის თქმის ხარჯზე და არა იმ ილუზიის ფონზე, რომ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის წინაპირობაა.

მაიკლ ჩეჩირეს აზრით კი, თუ საქართველოს სოხუმში საზოაგდოებრივი აზრის შეცლა მის სასარგებლოდ სურს, პირველ რიგში, აფხაზებს ძალიან კონკრეტული გარანტიები უნდა შესთავაზოს.

“მაგალითად, ავიღოთ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეთავაზება ავტონომიასთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა გულწრფელი იყოს, მაგრამ აფხაზეთის დე ფაქტო მმართველებისთვის არაფერს ნიშნავს.  საქართველომ, პირველ რიგში, შიგნით უნდა მოახდინოს იმის დემონსტრირება, რომ  რეგიონებისთვის ნამდვილი და ფართო ავტონომიის გადაცემა შეუძლია, საუბარია მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, თუ სურს, რომ მისი შეთავაზებები უფრო სერიოზულად განიხილონ,” – ამბობს ჩეჩირე.

მასალების გადაბეჭდვის წესი