ახალი ამბები

კორუფციის რისკის ინდექსში საქართველო მე-11 ადგილზეა

17 ნოემბერი, 2014 • • 1289
კორუფციის რისკის ინდექსში საქართველო მე-11 ადგილზეა

Trace-ის მატრიცა რისკების შეფასების პირველი გლობალური ინსტრუმენტია, რომელიც საშუალებას აძლევს ბიზნესს, ქვეყანაში არსებული კორუფციული რისკები შეაფასოს.

 

ინდექსის მიხედვით, კორუფციული რისკების შეფასება ეფუძნება ოთხ კრიტერიუმს: ბიზნესის ურთიერთობა მთავრობასთან, რაც გულისხმობს რეგულაციების სიმარტივესა და ქრთამის გადახდის მოლოდინის არსებობას ბიზნესსექტორში; ანტიკორუფციული კანონები და მათი აღსრულება; სახელმწიფო სერვისების გამჭვირვალობა; სამოქალაქო საზოგადოების მონიტორინგის შესაძლებლობა, რაც მოიცავს მედიის თავისუფლებასა და სოციალური განვითარების დონეს.

 

საქართველო საერთო ქულით უკან იტოვებს ნორვეგიას (მე-12 ადგილი), ჰოლანდიას (მე-13 ადგილი), საფრანგეთს (მე-14 ადგილი), შვეიცარიას (მე-16), დიდ ბრიტანეთს (მე-19), ავსტრიას (მე-20 ადგილი).

 

რაც შეეხება თითოეულ კატეგორიას, საქართველომ მაღალი შეფასება მიიღო ბიზნესსა და მთავრობას შორის ურთიერთობის კრიტერიუმში. ამ საკითხში ის წინ უსწრებს იმ ქვეყნებსაც, რომლებიც საერთო ქულით საქართველოზე წინ მოხვდნენ (გერმანია, შეერთებული შტატები, კანადა, ირლანდია). მთავრობასა და ბიზნესს შორის ურთიერთობის სიმარტივით სინგაპური ლიდერობს.

 

რაც შეეხება ანტიკორუფციულ კანონებსა და მათი აღსრულების საკითხს, საქართველომ 24 ქულა დაიმსახურა და 35-ე ადგილზეა. ამ კატეგორიაში პირველ ადგილზეა სამხრეთ კორეა, ხოლო მოწინავე პოზიციებს მოლდოვა, მალავი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ტაჯიკეთი ინაწილებენ.

 

სახელმწიფო სერვისების გამჭვირვალობის თვალსაზრისით კვლევაში მონაწილე ქვეყნებს შორის საქართველო მეხუთე პოზიციას აშშ-ის, იაპონიის, სამხრეთ კორეისა და ლატვიის შემდეგ იკავებს.

 

სამოქალაქო საზოგადოების მონიტორინგის შესაძლებლობის კუთხით, საქართველოს ვითარება ყველაზე უარყოფითადაა შეფასებული, ვიდრე სხვა კატეგორიებში. ამ კრიტერიუმით საქართველო 71-ე ადგილზეა.

 

ორგანიზაციის ცნობით, ოთხ კატეგორიაში მიღებული ქულების დაჯამებით იღებენ ქვეყნის საერთო ქულასა და მაჩვენებელს. თითოეული ქვეყანა იღებს 1-დან 100 ქულამდე. რაც უფრო მაღალია მაჩვენებელი, მით მეტია კორუფციის რისკი. Trace International-მა საქართველო კოფურციის დაბალი რისკის ქვეყნებს მიაკუთვნა.

 

კვლევის მასშტაბიდან გამომდინარე, საქართველოს რეიტინგი უპრეცედენტოა, აცხადებს იუსიტიციის სამინისტრო. უწყება მიუთითებს იმაზე, რომ კვლევა 197 ქვეყანას მოიცავს მაშინ, როდესაც შედარებისთვის მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების სიმარტივე“ 189 ქვეყანას ფარავს.

 

ინდექსის წყაროა სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგისა და კვლევის მონაცემები: მსოფლიო ბანკის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის, გაერო-ს განვითარების პროგრამის, „Freedom House“-ის, ორგანიზაციის − „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის, „Global Integrity“-სა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემები.

 

ინდექსის განახლება 2 წელიწადში ერთხელ იგეგმება. მომდევნო კვლევის შედეგები 2016 წელს გამოქვეყნდება. კორუფციის რისკების ინდექსი „Trace International“-მა „RAND Corporation“-თან თანამშრომლობით შეიმუშავა.

Trace International-ის კორუფციული რისკის ინდექსი
Trace International-ის კორუფციული რისკის ინდექსი

მასალების გადაბეჭდვის წესი