იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ირაკლი კობახიძის მიერ შეთავაზებულ სამუშაო ფორმატს, რომლის ფარგლებშიც მართლმსაჯულების რეფორმის მე-4 ტალღაზე მსჯელობენ, ფუჭს უწოდებს და კობახიძის განცხადებას პასუხობს.
დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, მას მერე, რაც დოლიძემ შეთავაზებული ფორმატი გააკრიტიკა, კობახიძემ განახადა, რომ 5-დღიანი განხილვების განმავლობაში ანა დოლიძემ მონაწილეობა მხოლოდ ერთ დღეს მიიღო, საიდანაც ნახევარი დღე აუზზე გაატარა:
“5 სრული დღე დავუთმეთ ჩვენ ამ საკითხების განხილვას, მათ შორის, გვქონდა ორი 2-დღიანი გასვლითი შეხვედრა. აბსოლუტურად ყველა მხარე იყო ჩართული ამ განხილვებში, გარდა ქალბატონი ანა დოლიძისა. 5 დღიდან მან მხოლოდ ერთი არასრული დღე გაატარა ჩვენთან ერთად და იმ ერთი დღიდან ნახევარი დღე იყო აუზზე.
ეს არის რეალური მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, მის განცხადებას სერიოზულად ვერ მოვეკიდები. გვქონდა საკმაოდ განსხვავებული პოზიციები. თავიდანვე, როდესაც ჯერ კიდევ დაახლოებით ერთი წლის წინ დავიწყეთ ამ საკითხებზე მსჯელობა, თუმცა, საბოლოო ჯამში, მოვახერხეთ კონსეnსუსის მიღწევა ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის განცხადების საპასუხოდ, დოლიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა, “მოეშვას” და თავადაც “ჩაყოს ხოლმე თავი წყალში”:
“ირაკლი კობახიძეს გაუკეთებია საინტერესო და შარიკოვისეული განცხადება, როგორც ყოველთვის, თავის სტილში. დღეს იყო სამუშო ჯგუფის შეხვედრა პარლამენტთან. ეს ის ჯგუფია, რომელიც ცდილობს ჩვენ შეგვიყვანოს კონსულტაციებში ლევან მურუსიძესთან. ამ შეხვედრაზე რომ მივედი, ვთქვი, რომ ამ სამუშაო ფორმატმა არ მოიტანა არავითარი შედეგი. რეალურად, ძალაში რჩება ლევან მურუსიძის პოზიციები და ჩვენ უნდა ვიაროთ ლევან მურუსიძესთან და დავეკითხოთ, როგორი უნდა იყოს სასამართლო ხელისუფლება საქართველოში. თავიდანვე ვთქვი, რომ ეს არის ყავის სმა ლევან მურუსიძესთან. ირაკლი კობახიძეს თუ უნდა, დალიოს ყავა მურუსიძესთან, რა დროც დარჩენია პარლამენტის თავმჯდომარეობაზე.
დღეს მან თქვა, რომ თურმე მე ამ შეხვედრებზე არ დავდივარ, არადა, მე იქ ვიყავი და ვთქვი, რომ ეს არის თავიდან ბოლომდე ფარსი. მისი თქმით, მე ერთ-ერთი შეხვედრის დროს აუზზე ვიყავი. ეტყობა, ირაკლი კობახიძეს ძალიან შურს იმ ხალხის, ვინც აუზზე დადის. თმები რომ არ დაუსველდეს ხოლმე, არ ჩადის აუზში. ცოტა რომ მოეშვას და თავი ჩაყოს ხოლმე წყალში, ცუდი არ იქნება მისთვის”, – ამბობს დოლიძე.
მისი თქმით, შეთავაზებული ფორმატი უნაყოფოა და მართლმსაჯულების სისტემიs რეალურ პროგრესს ვერ მოიტანს:
“რაც შესხება სერიოზულად ამ საკითხს, ფაქტია, სამუშაო ჯგუფის ეს ფორმატი უნაყოფოა. ორი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც ამ ფორმატს უნდა გაეკეთებინა. პირველი ესაა, სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევა ისე, რომ სასამართლოს თავმჯდომარეები არ ახორციელებდნენ პირდაპირ კლანის დაკვეთებს. კიდევ ის, რომ იუსტიციის უმაღლესი სკოლა უნდა იყოს საბჭოსგან დამოუკიდებელი იმიტომ, რომ დღეს სკოლაში ვინ ჩაირიცხება, ამას აკონტროლებს იუსტიციის საბჭო.
ასეთ სიტუაციაში ეს არის დროის ფუჭი ხარჯვა და რა დროც დავხარჯე მე ამ სამუშაო ჯგუფში, დღეს, მაგალითად, ესაც ფუჭი დროის კარგვა იყო. მინდა გავაწბილო ბატონი ირაკლი კობახიძე, არ ვაპირებ ყავის სმას ლევან მურუსიძესთან და მასთან კონსულტაციებში შესვლას იმიტომ, რომ ან გააკეთეთ სერიოზული რეფორმა, ან ნუ მოგვთხოვთ, მოვატყუოთ ხალხი, რომ თქვენთან და მურუსიძესთან შეხვედრებზე სიარულით მოხერხდება რაიმე პროგრესის მიღწევა სასამართლო სისტემაში”, – ამბობს ანა დოლიძე.