ახალი ამბები

ენმ აცხადებს, რომ მთავრობა მოქალაქეებს აიძულებს, არ მივიდნენ დღევანდელ აქციაზე

15 ნოემბერი, 2014 •
ენმ აცხადებს, რომ მთავრობა მოქალაქეებს აიძულებს, არ მივიდნენ დღევანდელ აქციაზე

– საქართველოს უკლებლივ ყველა რეგიონში კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ მართულმა მუნიციპალიტეტებმა საბჭოთა ტიპის „ლენინური შაბათობები“ მოწყვეს;

 

– უშიშროების სამსახურებმა სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები დააშინეს;

 

– რამდენიმე რაიონში უჩვეულო სპორტული ღონისძიებები გამართეს, მაგალითად,  საგარეჯოში „ტრასის ფეხბურთი“ და გარდაბანში „მარათონი“;

 

– სამეგრელოსა და ზემო სვანეთში პოლიციის უფროსი პირდაპირ ემუქრებოდა აქციაზე წასვლის მსურველებს ნარკოტიკის ჩადებით;

 

– ზუსტად აქციის ჩატარების დროს, 16:00-ზე თბილისის მერიის ბაღების სააგენტომ დანიშნა თათბირი; ასევე თბილისში ყველა ბაღის დირექტროს წინა დღით დაავალეს დეზინფექციის ჩატარება შენობებში.

 

ეს არის იმ ღონისძიებების ჩამონათვალი, რასაც ნაციონალური მოძრაობის ცნობით, ხელისუფლებამ მიმართა დღევანდელი აქციის წინააღმდეგ.

 

“აქციას, რომელსაც სხვა პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოებრივი ჯგუფები შეუერთდნენ, მიზნად აქვს დაანახოს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ საქართველოს მოქალაქეები არ ეგუებიან კრემლის აგრესიულ, რევანშისტულ და რევიზიონისტულ პოლიტიკას თავის სამეზობლოში.

 

იმავდროულად, აქცია გზავნილია საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომელიც 2 წელია გაუაზრებელ და გაუმართლებელ პოლიტიკას ატარებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ქმედებების მიმართ და ზოგადად, ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების გადაჭრის ნაცვლად, დაკავებულია პოლიტიკური ოპონენტების დევნით, მათთან ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიძულვილის მოქადაგე, მოძალადე ჯგუფების წახალისებით”, – ნათქვამია ენმ-ს განცხადებაში.

 

აქცია “არა ანექსიას” დღეს, 16:00 საათზე გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი