ახალი ამბები

სააკაშვილს, მერაბიშვილს და სხვებს გელაშვილისთვის 215 ათასი ლარის გადახდა დაეკისრათ

27 მაისი, 2019 •
სააკაშვილს, მერაბიშვილს და სხვებს გელაშვილისთვის 215 ათასი ლარის გადახდა დაეკისრათ

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, ყოფილ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს, შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსან ერეკლე კოდუას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს ვალერი გელაშვილისთვის მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრათ.

როგორც გელაშვილის ადვოკატი კახა კოჟორიძე აცხადებს, ამ პირებსა და უწყებებს დაახლოებით 215 000 ლარის სოლიდარულად გადახდა დაეკისრათ:

“სოლიდარული ვალდებულება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია თითოეულ მათგანს მოვთხოვოთ თანხის სრულად გადახდა ან ნაწილ-ნაწილ გადახდა. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია ერთ-ერთ მოპასუხეს, მაგალითად, შსს-ს ან მიხეილ სააკაშვილს მთლიანად გადავახდევინოთ ეს თანხა და შემდეგ მან, ვინც გადაიხდის თანხას, შეუძლია დანარჩენ თანამოპასუხეებს მოსთხოვოს მთლიანი გადახდილი თანხის ნაწილობრივ გადახდა”, – ამბობს ადვოკატი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

კოჟორიძის თქმით, ამ 215 000 ლარიდან 100 000 ლარი სასამართლომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად დააკისრა აღნიშნულ პირებსა და უწყებებს.

ადვოკატი ამბობს, რომ ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილი, თუ ვისგან მოითხოვენ თანხის ანაზღაურებას:

“ჯერ გადაწყვეტილი არ გვაქვს, ანაზღაურებას როგორ მოვითხოვთ. გადაწყვეტილება რომ დაიწერება, შევხედავთ, ვინ გაასაჩივრებს. ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ ავტომატურად ძალაში შევა.

შესაძლებელია, რომელიმე მხარემ გაასაჩივროს. გასაჩივრებას პერსპექტივა არ ექნება იმიტომ, რომ ძლიერი არგუმენტები გვაქვს, მაგრამ ფორმალურად მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ გაასაჩივრონ ეს გადაწვყეტილება” – ამბობს კოჟორიძე.

კახა კოჟორიძის თქმით, როდესაც გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევა, თანხის გადახდას ვერაფერი შეაჩერებს:

“ეს აბსოლუტურად რეალისტურია. ეს გადაწყვეტილება როცა შევა კანონიერ ძალაში, ამ თანხის გადახდას ვერაფერი შეაჩერებს. ერთია, ფიზიკური პირებიდან ჩვენ რამდენად მოვახერხებთ ამ თანხის ამოღებას. დავუშვათ, ვანო მერაბიშვილი, მიხეილ სააკაშვილი თუ კოდუა თვითონ შეძლებენ თუ არა გადაიხადონ.

ჩვენ შეგვიძლია, რომელიმე მათგანის ქონებიდან მოვახდინოთ აღსრულება, მაგრამ ყველაზე მარტივი ბერკეტი იქნება ჩვენი მხრიდან, რომ ფინანსთა ან შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაიხადოს და შემდეგ იმ პირებს, ვისი ბრალეული მოქმედებითაც ბიუჯეტმა განიცადა ზარალი, მოსთხოვოს ამ თანხის ბიუჯეტისთვის ანაზღაურება. ეს იქნება იმ ორგანიზაციის გადასაწყვეტი, რომელიც გადაიხდის ამ თანხას”, – ამბობს ადვოკატი.


საქმე ეხება 2005 წლის 14 ივლისს, დაახლოებით 13:00 საათზე, თბილისში შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტისა და სპეციალური დანიშნულების რაზმის შეიარაღებული მებრძოლების მიერ მირცხულავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალერი გელაშვილსა და მის თანხმლებ პირებზე თავდასხმის ფაქტს.

საქმის მასალების თანახმად, 2005 წლის 29 ივნისს გაზეთ “რეზონანსში” გამოქვეყნებული, პარლამენტის იმჟამინდელი წევრის – ვალერი გელაშვილის სტატიის შემდეგ, სადაც ეს უკანასკნელი შეურაცხმყოფელი ფორმით საუბრობდა მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ, ბრალდებულმა, პირადი შურისძიების მოტივით, მის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება განიზრახა. საქმის მასალების მიხედვით, ვალერი გელაშვილის სამაგალითო დასჯა სააკაშვილმა დაავალა იმჟამინდელ თავდაცვის მინისტრს, რაზედაც მიიღო უარი. აღნიშნულის შემდეგ კი ფიზიკური ანგარიშსწორება ბრალდებულმა საქართველოს შს მინისტრს დაავალა, რომელმაც, თავის მხრივ, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორის ორგანიზებით უზრუნველყო მიხეილ სააკაშვილის დავალების შესრულება.

სააკაშვილს გელაშვილის საქმეზე 2018 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, თუმცა ამინისტიის შესახებ კანონით, დანიშნული სასჯელი 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით შეუმცირდა.

ამავე საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს მერაბიშვილსა და კოდუას.

მასალების გადაბეჭდვის წესი