სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადბით, ეს დაზიანებმა დავით გალეგაშვილმა სავარაუდოდ დაცემის შედეგად მიიღო.
“ცემის ფაქტი რომ ყოფილიყო, საქმე იქნებოდა აღძრული, ალბათ ყველანი ვთანხმდებით, ხომ ასეა? შესაბამისად, ვინაიდან არ არის საქმე აღძრული, ამასთან არ გვაქვს საქმე. ამიტომ, ვინც ეს განცხადება გააკეთა, იმასთან გადაამოწმოთ ჯობია, რადგან არ შეიძლება ასე ჰაერში განცხადებების კეთება”, -განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას, როდესაც რესპუბლიკურ საავადმყოფოში მისი მოადგილის მოსანახულებლად მივიდა.
მკურნალი ექიმის განცხადებით, დავით გალეგაშვილი რეანიმაციაში იმყოფება, მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა რის შედეგად დაუზიანდა ქალა-ტვინი, ექიმს საუბარი არ შეუძლია.
“ქალა-ტვინის დაზიანებაა, მექანიზმებთან დაკავშირებით ჩვენ ინფორმაცია არ გაგვაჩნია და არ ვართ კომპეტენტურები”, -ამბობს ის.
ექიმის განცხადებით, დავით გალეგაშვილი საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში მიიყვანეს, მისივე თქმით, გარეგანი დაზიანებები მას არ აღენიშნებოდა.
“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა გაერკვია, დაიწყო თუ არა გამოძიება აღნიშნულთან დაკავშირებით, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერჯერობით შეკითხვაზე პასუხი არ გაუცია.