ახალი ამბები

ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს სკოლის მოსწავლეები და სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ

27 მაისი, 2019 • 2270
ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს სკოლის მოსწავლეები და სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ

ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს სოლიდარობა გამოუცხადეს სკოლის მოსწავლეებმა და მოქალაქეებმა. როგორც “ნეტგაზეთს” განათლების სამინისტროში განუცხადეს, სკოლები არ გაფიცულან, თუმცა რესურს-ცენტრმა სამინისტროს განუცხადა, რომ ჭიათურაში მდებარე საშუალო განათლების დაწესებულებებში მოსწავლეთა დასწრების დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

სოლიდარობის ნიშნად მოქალაქეებმა ქალაქში მსვლელობა მოაწყვეს. ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც აქციაზე მოზარდ შვილებთან ერთად მივიდა, “რუსთავი 2-თან” ამბობს, რომ მსვლელობის მონაწილეები იზიარებენ გაფიცულების მოთხოვნას ხელფასის მომატების შესახებ და სოლიდარობას უცხადებენ მათ.

ჭიათურაში “ჯორჯიან მანგანეზის” სამთო-გამამდიდრებელი კომბინანტის 3 200-მდე თანამშრომელი უკვე 11 დღეა გაფიცულია. ისინი ხელფასის საწყის ეტაპზე 30 პროცენტით, წლის ბოლომდე კი დამატებით 20 პროცენტით გაზრდას ითხოვენ. გაფიცულების ნაწილმა შიმშილობაც დაიწყო.

რაც შეეხება “ჯორჯიან მანგანეზს”, კომპანია დასაქმებულებს ხელფასების ეტაპობრივად 25- პროცენტიან მატებას სთავაზობს. თავდაპირველად- 15 პროცენტით, რეორგანიზაციის შემდეგ (ერთ წელიწადში) კი დამატებით 10-პროცენტიანი მატებით, რაც დასაქმებულებისთვის მიუღებელია.

ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება

მასალების გადაბეჭდვის წესი