ახალი ამბები

„მარველის“ სტენ ლის ექსმენეჯერი ცუდი მოპყრობის და ქურდობის ბრალდებით დააკავეს

26 მაისი, 2019 •
„მარველის“ სტენ ლის ექსმენეჯერი ცუდი მოპყრობის და ქურდობის ბრალდებით დააკავეს

„მარველის” კომიქსების ლეგენდარული ავტორის, სტენ ლის ყოფილი მენეჯერი კეია მორგანი ხანდაზმული ადამიანის მიმართ ცუდი მოპყრობისა და ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

CNN-ის თანახმად, ლოს-ანჯელესის პოლიცია იუწყება, რომ მორგანს ადანაშაულებენ თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში, ხანდაზმული ადამიანისგან დიდი რაოდენობის თანხის მოპარვასა და ხანდაზმულის მიმართ ცუდ მოპყრობაში.

სტენ ლი 2018 წლის 12 ნოემბერს 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. მორგანის დაკავების ორდერი წინა თვეს გამოსცეს 2018 წლის მარტში დაწყებული გამოძიების ფარგლებში.

მორგანისთვის წაყენებული ერთ-ერთი ბრალდება არის სტენ ლისთვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვა. კერძოდ, გამოძიების ვერსიით, 2018 წლის ივნისში მენეჯერმა იგი ჰოლივუდ ჰილზის სახლიდან ბევერლი ჰილზში წაიყვანა მას შემდეგ, რაც დააჯერა, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეში იყო. ამ გზით, ოჯახის თანახმად, მენეჯერი ცდილობდა, მწერალი მეგობრებისგან და ოჯახის წევრებისგან იზოლირებული ჰყოლოდა და მასზე გავლენა მოეპოვებინა.

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე კეია მორგანს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს და ლისთან 100 იარდზე ახლოს მიახლოება აუკრძალეს. ლი მორგანს 2017 წელს, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დაუახლოვდა. ჯოან ბი და სტენ ლიები 1947 წლიდან ერთად ცხოვრობდნენ.

სტენ ლი — მწერალი, რედაქტორი და გამომცემელი, რომელიც კომიქსების ბიზნესში 1939 წლიდან იყო ჩართული — არაერთი საკულტო სუპერგმირის შექმნელი და თანაავტორია. სტენ ლის პერსონაჟებს შორის არიან: შავი პანტერა, ადამიანი ობობა, X-ადამიანები, თორი, რკინის კაცი, ფანტასტიკური ოთხეული, ჰალკი, დეარდევილი (“თავზეხელაღებული”), ადამიანი-ჭიანჭველა და სხვა უამრავი პერსონაჟი.

მასალების გადაბეჭდვის წესი