ქართული ხორუმი „ბითლზის“ ები როუდზე 26 მაისს — ვიდეო

საცეკვაო სტუდიის მოკლე ვიდეო გვაჩვენებს, როგორ ასრულებენ ქართულ „ხორუმს“ ლონდონის ერთ-ერთი საკულტო ადგილას, — „ები როუდის“ (Abbey Road) საფეხმავლო გადასასვლელზე, სადაც მუსიკალურ ბენდ „ბითლზის“ (The Beatles) ამავე სახელწოდების ალბომის გარეკანის ფოტოა გადაღებული.

„როცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა და შენ ები როუნდზე გადადიხარ, რომ ქართული ცეკვის გაკვეთილზე მიხვიდე“, — ასეთი აღწერით დადო ფეისბუკზე ქართული ცეკვების შემსწავლელი სტუდიის გვერდმა ხორუმის ვიდეო.

ამ ადგილს პოპკულტურაში დიდი მნიშვნელობა აქვს: ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბენდი, „ბითლზი“ (სხვა ცნობილ შემსრულებლებთან ერთად) სწორედ ამ ქუჩაზე მდებარე ხმის ჩამწერ სტუდიაში ამზადებდა ჩანაწერებს.

„ბითლზის“ ერთ-ერთი ბოლო ალბომის, „ები როუდის“ გარეკანზე გამოსახულია ჯგუფის ოთხივე წევრი — ჯონ ლენონი, პოლ მაკარტნი, რინგო სტარი და ჯორჯ ჰარისონი — რომლებიც სწორედ ამ გადასასვლელზე გადადიან, რომელიც დაახლოებით სტუდიის შესასვლელთან მდებარეობს.

ბითლზების „ები როუდის“ ალბომის გარეკანი

ფეისბუკის გვერდის თანახმად, „ქოქპიტის თეატრი“ (Cockpit Theatre), სადაც ცეკვის გაკვეთილებს ატარებენ, ები როუდის გადამკვეთი ქუჩის კუთხეში მდებარეობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი