“არა ნიშნავს არას!” – ქალთა მოძრაობა სტუდენტისა და ლექტორის საქმეზე

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექტორის მხრიდან სტუდენტის სექსუალური შევიწროების საკითხთან დაკავშირებით “ქალთა მოძრაობა” განცხადებას ავრცელებს.

“ნეტგაზეთი” უცვლელად გთავაზობთ მას.

“ვეხმიანებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს სექსუალური შევიწროების ფაქტებზე და გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა ყველა იმ სტუდენტი გოგოს მიმართ, რომელმაც განიცადა სექსუალური შევიწროება ომარ მახარაძის მხრიდან. სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლა ნამდვილად დიდ გამბედაობას მოითხოვს ქალების მხრიდან და ის ფაქტი, რომ სტუდენტები ერთმანეთს მხარში დაუდგნენ მოძალადე ლექტორის სამხილებლად, არის მისასალმებელი და იმედის მომცემი, რომ სექსუალური შევიწროება სტუდენეტების მიმართ შეწყდება.

მხარდაჭერას ვუცხადებთ სტუდენტს, რომელმაც პირველმა ამხილა მოძალადე. თუმცა, შეშფოთებას გამოვთქვამთ იმ ფაქტის გამო, რომ მან უარი თქვა “საიას” კვალიფიციურ მომსახურებაზე და დაიქირავა ისეთი კერძო ადვოკატი, რომელმაც პირველივე განცხადებით მოძალადის მხარდამჭერი პოზიცია გააჟღერა. ვთხოვთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეისწავლოს და გამორიცხოს მოწმეზე ზეწოლის შესაძლო ფაქტები, იმის გათვალისწინებით, რომ მოძალადე არის სახელისუფლებო პარტიის მხრიდან ბათუმის საკრებულოს წევრი და აქვს მოტივი და შესაძლებლობა ზეწოლა მოახდინოს მსხვერპლზე.

ამასთან, მივესალმებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთიკის საბჭოს ქმედებებს, რომელმაც დროულად დაიწყო პრობლემის შესწავლა და მოაგროვა მტკიცებულებები სხვა პირების მხრიდანაც. შეგახსენებთ, რომ ახალი საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ნებისმიერი დაწესებულება ვალდებულია მყისიერად რეაგირებდეს სექსუალური შევიწროების და დისკრიმინაციის ფაქტებზე. უმაღლეს სასწავლებლებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების გატარება სექსუალური შევიწროების პრაქტიკის აღმოფხვრისათვის”.

„თამამი სელფი გამომიგზავნე“ – სტუდენტი ბსუ-ს ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან