“როგორც ცნობილია, ა.წ. 15 ნოემბერს ქ. თბილისში იმართება აქციაც და კონტრაქციაც. გარკვეულწილად ორივე მხარე ცდილობს, ეკლესია ჩართონ ამ პროცესებში. იმ აზრსაც ავრცელებენ, თითქოს კონტრაქცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით ტარდება.
ამიტომაც, საზოგადოებას გვინდა განვუმარტოთ, რომ 15 ნოემბერს დაგეგმილი არც ერთი ღონისძიება არც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის და არც ზოგადად საქართველოს ეკლესიის ინიციატივით არ ხორციელდება. ეს არის ამ თავყრილობების ორგანიზატორთა თავისუფალი ნების გამოხატულება”, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საპატრიარქოს მოუწოდებს ორივე მხარეს, თავი აარიდონ პროვოკაციებსა და ურთიერთდაპირისპირებას.
“ქვეყნის გამთლიანება ქვეყნის შიგნიდან უნდა დაიწყოს, – ეს ელემენტარული ჭეშმარიტებაა. საქართველოს ეკლესია დღესაც და ყოველთვისაც ლოცულობდა და ქმედით ნაბიჯებს დგამდა საქართველოს საზღვრების აღდგენისა და ჩვენი ხალხის ერთობისათვის. ჩვენ კვლავაც შევთხოვთ ღმერთს, რათა უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობითა და კეთილდღეობით”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
15 ნოემბერს აქცია დაანონსებული აქვს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, რომელიც ეძღვნება რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიისადმი პროტესტის გამოხატვას. ამ დროისთვის ოფიციალურად კონტრაქცია დაანონსებული არ არის, თუმცა სხვადასხვა სახის მოწოდებები გავრცელდა ორგანიზაცია “თავისუფალი თაობის” მიერ, რომელიც მოუწოდებს საზოგადოებას არ მივიდეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებულ აქციაზე.
