იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან 32 მოსამართლის დანიშვნის ფაქტს ეხმაურება.
ჯანეზაშვილის თქმით, დღეს რამდენიმე საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა:
- დავიწყოთ დადებითით – დღეს რამდენიმე გამოცდილი და ღირსეული ადამინი დაინიშნა მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ და მე ვულოცავ მათ! ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ე.წ. კლანი იძულებულია კომპრომისზე წავიდეს.
- საბჭოს მდივანი გახდა უვადო მოსამართლე, რაც ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. თუმცა ეს დანიშვნა არ გამორიცხავს, რომ მან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზეც გააკეთოს განაცხადი. დღევანდელი გადაწყვეტილება მისთვის გარანტიაა, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მომავალში საქართველოს პარლამენტი, ის ნებისმიერ შემთხვევაში უვადო მოსამართლეა.
- საბჭოს სამმა წევრმა, რომლებიც ისედაც უვადოდ დანიშნული მოსამართლეები არიან, უარი თქვა მათი კანდიდატურების განხილვაზე. როგორც ჩანს, ესეც მიანიშნებს იმაზე, რომ ე.წ. კლანი ერთგვარ დათმობაზე მიდის და თანაც ძალიან კარგად ხვდებიან, რომ ვიღაცეების გადასვლა უზენაეს სასამართლოში ასე მარტივი არ იქნება.
- ლელა ჭინჭარაული დაინიშნა მოსამართლედ, ადამიანი, რომელიც იყო ბოლო კანდიდატი, რომელთანაც გასაუბრება თვეების განმავლობაში გაუგებარი მიზეზებით არ ტარდებოდა. მან გასაუბრებაზე ვერ დამარწმუნა, რომ გასაუბრების არჩატერების ყველა შემთხვევაში ჰქონდა ობიექტური მიზეზები. ცნობისათვის, მან მე-7 ჯერზე მოგვმართა და, როგორც იქნა, დაინიშნა. ამ ამბავზე მეტი ინფორმაციისთვის ნახეთ “მონიტორის” ფილმი” [საბჭოს არამოსამართლე წევრების ნაწილი ფიქრობდა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა ამ კონკურსს შეგნებულად აჭიანურებდა. მონიტორის ფილმის მიხედვით, ბოლო კანდიდატი, ვისთანაც გასაუბრება უნდა ჩატარებულიყო, ლელა ჭინჭარაულია. თუ მას საბჭო გაესაუბრებოდა, მოსამართლეები 10 დღის ვადაში უნდა დაენიშნა. რაც შეეხება იმას, თუ რატომ სჭირდებოდა იუსტიციის საბჭოს კონკურსის გაჭიანურება, ანა დოლიძის მიხედვით, საბჭოს ეგონა, რომ ამ პერიოდში უზენაესი სასამართლო მოსამართლეთა ბედი გაირკვეოდა და ქვედა ინსტანციებს შესაბამისად დააკომპლექტებდა]
- ისევე როგორც სხვა კონკურსების დროს, ამჯერადაც გარედან კადრების შემოდინების მაჩვენებელი ძალზედ დაბალია.
- კონკურსში მონაწილეობდა რამდენიმე ძალიან კვალიფიციური კანდიდატი, მაგრამ ახლაც გაუგებარი მიზეზების გამო მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს.
მოსამართლეთა დანიშვნის გადაწყვეტილებებს გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი. მისი თქმით, დღევანდელმა კენჭისყრამ აჩვენა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზრუნველყოფს სასამართლო სისტემის ეფექტურ ფუნქციონირებას:
“უვადოდ დავნიშნეთ და დავაწინაურეთ ღირსეული მოსამართლეები (ხატია არდაზიშვილი, ნინო ყანჩაველი, დავით ახალბედაშვილი, ბესიკ ბუგიანიშვილი, ლერი თედორაძე; პაატა სილაგაძე, გიორგი მიქაუტაძე, გიორგი არევაძე, ხათუნა ნადიბაიძე, ნაირა გიგიტაშვილი, ზაზა მარტიაშვილი, ჯუმბერ ბეჟანიძე, მარიკა ჩიტაშვილი, მარინე ცერცვაძე, ლეილა გურგუჩიანი, ირაკლი აბშილავა, ეკატერინე გაბრიჩიძე, ლიანა ორკოდაშვილი, ბესარიონ ტაბაღუა, ელისო ტუკვაძე, ნიკოლოზ მარგველაშვილი, ნიკოლოზ მარსაგიშვილი);
– სისტემას დავუბრუნეთ რამდენიმე ყოფილი და ძალიან გამოცდილი მოსამართლე (დავით კეკენაძე, ეკატერინე პართენიშვილი, ვახტანგ მრელაშვილი, კობა გოცირიძე, მიხეილ გოგიშვილი, მამუკა ნოზაძე, როინ კახიძე);
შემოგვემატა კიდევ 3 ახალი მოსამართლე (ფატი ფურცხვანიძე, ლელა ჭინჭარაული, ალექსანდრე ლომიძე).
ყველა მათგანს ვუსურვებ წარმატებას პროფესიულ საქმიანობაში.
ვემსახურებით საქართველოს”, – წერს გვრიტიშვილი.