ვფიქრობ, მაღაროელების სამუშაო გრაფიკი შრომის კოდექსს ეწინააღმდეგება – ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს შეხვდა და ადგილზე გაეცნო მათ მოთხოვნებს, რომელიც შრომითი პირობებისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებას ეხება.

როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, ომბუდსმენის აპარატს არ აქვს სრულად მანდატი ყველა საკითხზე, რაზეც საუბრობენ მაღაროელები, თუმცა სახალხო დამცველი ამასაც მიაქცევს ყურადღებას:

პირველ რიგში, ეს ეხება შრომით პირობებს. ჩვენ შევისწავლით მათი სამუშაო საათების და სამუშაო რეჟიმის სამართლიანობას და კანონიერებას. დღეს რაც მოვისმინე, ის 12-საათიანი რეჟიმი, ორი კვირის განმავლობაში, ვფიქრობ, რომ ეწინააღმდეგება შრომის კანონმდებლობით აღიარებულ ვადებს, რაც დადგენილია მაქსიმუმ სამუშაო საათები. მით  უმეტეს, მათ უწევთ ძალიან მძიმე, ჯანმრთელობისთვის საშიშ პირობებში მუშაობა. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ დავინტერესდებით შრომის უსაფრთხოების საკითხებით. გაფიცულებისგან მოვისმინე, რომ კვებით უზრუნველყოფა არის ძალიან სავალალო მდგომარეობაში, თუმცა საწინააღმდეგოს ამტკიცებს თავად კომპანია”.

ჭიათურაში, ჯორჯიან მანგანეზში ე.წ. ვახტურ რეჟიმზე მომუშავე დასაქმებული მაღაროელები 15 მაისს გაიფიცნენ.

24 მაისს გაფიცულებმა ჭიათურის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს და თანამოქალაქეებს მოუწოდეს, შეერთებოდნენ აქციას. აქციაზე ბაღებისა და სკოლების პედაგოგების ნაწილიც მივიდა.

მოშიმშილეებისა და გაფიცულების მხარდასაჭერად შეკრებილი დემონსტრანტი ქალების ნაწილის განცხადებით, თუ ჯორჯიან მანგანეზმა დღის ბოლომდე არ დადო პირობა, რომ დააკმაყოფილებს დემონსტრანტების მოთხოვნებს, 25 მაისიდან ქალებიც დაიწყებენ შიმშილობას.

გაფიცვის თავდაპირველი მოთხოვნა აღნიშნულ საცხოვრებელში საკვების ხარისხის გამოსწორება იყო. თუმცა მალევე, მას შემდეგ, რაც გაფიცულებს სხვა თანამშრომლებიც შეუერთდნენ, მოთხოვნები შეიცვალა: ახლა გაფიცულების მთავარი მოთხოვნა ხელფასის 50%-ით გაზრდაა.

გაფიცულები ითხოვენ:

  • სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესებას;
  • მძიმე სატვირთო მანქანების ქალაქში გადაადგილების აკრძალვას;
  • გარანტიებს, რომ შეთანხმების შემდეგ გაფიცულების მიმართ კომპანია დისციპლინარულ ღონისძიებებს არ გაატარებს.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.