ახალი ამბები

ვატო ლეჟავას ინფორმაციით, კახა ბენდუქიძის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება

14 ნოემბერი, 2014 • • 1012
ვატო ლეჟავას ინფორმაციით, კახა ბენდუქიძის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება

“თავისუფალი უნივერსიტეტის” კანცლერის, ვატო ლეჟავას განცხადებით, კახა ბენდუქიძემ ცოტა ხნის წინ გულის ოპერაცია შვეიცარიაში გაიკეთა, ხოლო ლონდონში, სადაც გუშინ გარდაიცვალა, საქმეზე იმყოფებოდა.


წუხელ, რამდენიმე მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბენდუქიძე ლონდონში გულის უკმარისობით დაიღუპა, ხოლო ოჯახის ვარაუდით- თრომბით. თუმცა ცხედარს ექსპერტიზა ჯერ არ ჩატარებია. ვატო ლეჟავას თქმით, ექსპერტიზა აუცილებლად ჩატარდება, თუმცა ჯერ ბენდუქიძის გარდაცვალებიდან ძალიან ცოტა დროა გასული.


გარდაცვლილის ერთ-ერთმა ნათესავმა, რომელმაც თბილისში, ბენდუქიძის სახლში ნეტგაზეთის ზარს უპასუხა, გვითხრა, რომ ჯერჯერობით უცნობია, როდის გადმოასვენებენ “თავისუფალი უნივერსიტეტის” დამფუძნებელს საქართველოში. მისი თქმით, ამას შესაბამისი პროცედურების გავლა სჭირდება. მისივე თქმით, ბენდუქიძის ცხედარი ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში პერსონალმა აღმოაჩინა.


“მთელი დღის განმავლობაში არ გამოდიოდა კონტაქტზე, საღამოს შევიდნენ და ნახეს გარდაცვლილი”. 


ნათესავი, რომელმაც ბენდუქიძის ბინაში ნეტგაზეთის ზარს უპასუხა, ამბობს, რომ ეკონომიკის ექს-მინისტრმა გულის სტენტირების ოპერაცია შვეიცარიაში, კერძოდ ციურიხში გაიკეთა, რის შემდეგაც ლონდონში გაემგზავრა. იგი ვარაუდობს, რომ ბენდუქიძემ ციურიხის საავადმყოფოს დატოვება იჩქარა და შესაძლოა, თრომბი განუვითარდა, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია, რადგან ცხედარს ექსპერტიზა ჯერ არ ჩატარებია.


ვატო ლეჟავას ინფორმაციით, ბენდუქიძეს ლონდონში ჰყავდა ადამიანები, რომლებთანაც ურთიერთობდა, თუმცა მისი ოჯახის წევრები და ახლობლები დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქში მასთან ერთად არ იმყოფებოდნენ. უცნობია, რა საქმეზე იმყოფებოდა ბენდუქიძე ლონდონში.

 

“ლონდონში იმიტომ იმყოფებოდა, რომ საქართველოში ვერ ჩამოდიოდა, თუ ქაღალდებით გინდათ… სისხლის სამართლის საქმე აღძრული იყო და მეორეც, ჰქონდა განცდა, რომ მას დაკავების საფრთხე ემუქრებოდა და არ უნდოდა საქართველოში ჩამოსვლა. საქმე იყო აღძრული უნივერსიტეტის პრივატიზების კუთხით”, – აცხადებს ლეჟავა.


58 წლის ასაკში კახა ბენდუქიძე წუხელ გარდაიცვალა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი