სასამართლომ პროკურატურას მოქალაქისთვის 18 ათასი ლარის გადახდა დააკისრა

ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ამავე ორგანიზაციის მომზადებული ადმინისტრაციული სარჩელი დააკმაყოფილა და საქართველოს გენერალურ პროკურატურას, მოქალაქე ო. სასარგებლოდ,  18 000 ლარის გადახდა დააკისრა.

როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრი აცხადებს,  2015 წელს ო. ც. პოლიციამ ქურდობის ბრალდებით დააკავა. როგორც პირველმა ინსტანციის სასამართლომ, ისე სააპელაციო სასამართლომ ო. ც. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მის მიმართ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი.

2017 წელს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ო. ც. უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მის მიმართ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.

2019 წლის მაისში თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, ო. ც-ს სასარგებლოდ, საქართველოს გენერალურ პროკურატურას 18 000 ლარის გადახდა დააკისრა. ო.ც-ს ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ეკა ქობესაშვილი იცავდა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.