ახალი ამბები

CRRC: თბილისის მოსახლეობა ჰომოფობიის მაღალი დონით გამოირჩევა

13 ნოემბერი, 2014 •
CRRC: თბილისის მოსახლეობა ჰომოფობიის მაღალი დონით გამოირჩევა

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, ამ გამოკითხვის შედეგები გააანალიზებულია საერთაშორისო ურთიერთობების ნორვეგიული ინსტიტუტის (NUPI) კვლევითი პროექტის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და CRRC-საქართველოს წარმომადგენლების მიერ.

 

კვლევის ანალიზში წერია, რომ 17 მაისის მოვლენებისადმი მიძღვნილი გამოკითხვის შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თბილისის საზოგადოება ჰომოფობიის მაღალი დონით გამოირჩევა.

 

კვლევის შედეგების ანალიზი აჩვენებს, რომ შესაძლებელია იმ ფაქტორების გამოყოფა, რომლებიც სტატისტიკურად განსაზღვრავს ჰომოფობიის გავრცელებას – თბილისის მოსახლეობაში ამ ფაქტორებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია სქესი და განათლების დონე.

 

მაგალითად, კითხვაზე, შემდეგი ჯგუფებიდან ყველაზე მეტად რომელს არ ისურვებდით მეზობლად, გამოკითხულთა 34% პასუხობს, რომ კრიმინალებს, 31%-ს არ სურს ჰომოსექსუალის მეზობელი იყოს, 30% -ნარკოტიკულ ნივთიერებაზე დამოკიდებულის. დანარჩენი პასუხები გადანაწილდა რელიგიურ უმცირესობებზე, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებზე და ა.შ. 


 

ამასთან, კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ჰომოფობიური განწყობები ბევრად უფრო გავრცელებულია მამაკაცებს, ვიდრე ქალებს შორის. მაგალითად, თუკი ქალების 23% -ს არ სურს მეზობლად ჰომოსექსუალი ჰყავდეს, მამაკაცებში ეს მაჩვენებელი 43%-მდე აღწევს. 


 

ამასთან, ორგანიზაციის მონაცემებით, რაც უფრო დაბალია განათლების დონე, მით უფრო მაღალია ჰომოფობიური შეხედულებების ალბათობა.

 

“შედარებით ნაკლები სიძლიერით, მაგრამ მაინც მნიშვნელოვნად, ჰომოფობია დამოკიდებულია მოსახლეობის ლიბერალურ შეხედულებებზე: რაც უფრო გათავისებული აქვს ადამიანს ლიბერალური ღირებულებები, მით უფრო ნაკლებია ალბათობა, რომ ის ჰომოფობი იქნება. თბილისელების ჰომოფობიურ განწყობებზე ასევე დიდ გავლენას ახდენს ის გარემოება, იცნობს თუ არა რესპონდენტი პირადად სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელს,”- განმარტავენ მკვლევარები. 


კვლევა 2013 წლის მაისის ბოლოს ჩატარდა [17 მაისის შემდეგ] და მასში მონაწილეობა რეპრეზენტატული შერჩევით 542-მა ზრდასრულმა, თბილისში მცხოვრებმა მოქალაქემ მიიღო. 

მასალების გადაბეჭდვის წესი