ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

Amnesty უეფას აკრიტიკებს ბაქოში ევროპა ლიგის ფინალის დანიშვნის გამო

23 მაისი, 2019 • 1320
Amnesty უეფას აკრიტიკებს ბაქოში ევროპა ლიგის ფინალის დანიშვნის გამო

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International აკრიტიკებს უეფას (UEFA-ს — ევროპის საფეხბურთო ასოციაციების გაერთიანებას) აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ევროპა ლიგის ფინალური მატჩის დანიშვნის გამო.

ბაქოს ოლიმპიური სტადიონი ევროპა ლიგის ფინალს არსენალსა და ჩელსის საფეხბურთო კლუბებს შორის 29 მაისს უმასპინძლებს.

Amnesty-ის განცხადების თანახმად, აზერბაიჯანის ხელისუფლებას არ უნდა მიეცეს უფლება, „შემაძრწუნებელი უფლებრივი მდგომარეობა მაღალი დონის საფეხბურთო მატჩების ჩატარებით გადაფაროს“.

როგორც გამოცემა „გარდიანი“ (The Guardian) წერს, უეფას გადაწყვეტილებას, ფინალი ბაქოში ჩატარდეს, გულშემატკივრები და უფლებადამცველი ორგანიზაციები მწვავედ აკრიტიკებენ.

Amnesty-ს დიდი ბრიტანეთის განყოფილების ხელმძღვანელი, ქეით ალენი აცხადებს, რომ მაღალი რეიტინგის სპორტულ შეჯიბრებს სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლება ხშირად იყენებს რეპრესიული პოლიტიკისა და ადამიანის უფლებების მწვავე დარღვევებისგან ყურადღების გადასატანად და ამ ხერხით ცდილობს, „ღიაობის“ ილუზია შექმნას. „არსენალი-ჩელსის დაპირისპირება ამის კიდევ ერთი მაგალითია“, — ამბობს იგი.

ამასთან, ბაქოში არ ითამაშებს არსენალის ნახევარმცველი, ჰენრიხ მხითარიანი, რომლის უსაფრთხოებაც ბაქოში გამგზავრების შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგებოდა. უეფას და აზერბაიჯანის ხელისუფლებას იმის გამოც აკრიტიკებენ, რომ მხითარიანს უსაფრთხოების გარანტიებს ვერ აძლევდნენ.

აზერბაიჯანი შეიარაღებულ კონფლიქტშია მეზობელ სომხეთთან მთიანი ყარაბაღის გამო. მხითარიანი წარმოშობით სომხეთიდანაა.

21 მაისს არსენალმა ასეთი შინაარსის განცხადება გაავრცელა: „საფუძვლიანად შევისწავლეთ ყველა შესაძლებლობა, რომ მიკი [მხითარიანი] გუნდთან ერთად წამოსულიყო, თუმცა მიკისთან და მის ოჯახთან საუბრის შემდეგ, ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ იგი ჩვენთან ერთად არ გაემგზავრება“.

მხითარიანი ბაქოში ევროპა ლიგის ფინალში არ ითამაშებს — არსენალი

მასალების გადაბეჭდვის წესი