ბრიტანული საფეხბურთო კლუბ არსენალის ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი 2018-19 წლების უეფას ევროპა ლიგის ფინალურ მატჩში ჩელსის წინააღმდეგ, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართება, მონაწილეობას არ მიიღებს.
21 მაისს არსენალმა ასეთი შინაარსის განცხადება გაავრცელა: „საფუძვლიანად შევისწავლეთ ყველა შესაძლებლობა, რომ მიკი [მხითარიანი] გუნდთან ერთად წამოსულიყო, თუმცა მიკისთან და მის ოჯახთან საუბრის შემდეგ, ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ იგი ჩვენთან ერთად არ გაემგზავრება“.
არსენალის თანახმად, შექმნილი სიტუაციის გამო შეშფოთებულები არიან და უეფას აცნობეს ამის შესახებ.
აზერბაიჯანი, სადაც ევროპის ლიგის ფინალური მატჩი იმართება, შეიარაღებულ კონფლიქტშია მეზობელ სომხეთთან მთიანი ყარაბაღის გამო. მხითარიანი წარმოშობით სომეხია. როგორც გამოცემა „გარდიანი“ წერს, ფეხბურთელის უსაფრთხოება ბაქოში გამგზავრების შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.
“We’re very disappointed to announce that @HenrikhMkh will not be travelling with the squad for our #UELfinal against Chelsea.”
Full statement ?
— Arsenal FC (@Arsenal) May 21, 2019